14 ოქტომბერი 2019,   04:09
ვრცლად
ყველა ჩვენი მოთხოვნა უნდა შესრულდეს, არაფერი არ იცვლება - პარლამენტის წინ აქცია 19:00 საათზე დაიწყება

რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება. ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების მიუხედავად, პროტესტი ისევ გრძელდება.

ორგანიზატორებს ამინდის მიუხედავად, აქცია არ გაუუქმებიათ, ისინი მოსახლეობას პარლამენტის წინ 19:00 საათზე ელოდებიან.

გიგა მაქარიშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ აქციის მონაწილეების ყველა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

"ამ ტესტის ჩაბარებასაც შევძლებთ, ეს ის წვიმა არ არის, რომელმაც შეიძლება რამე დაგვიშაოს... მოთხოვნები რჩება იგივე, ჩვენ გვაქვს ზეიმის საფუძველი იმიტომ, რომ 30 წელი, რასაც ვითხოვდით, იმის საწყისი უკვე არის, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, ეს პოლტიკური საკითხია და პოლიტიკოსები დაიწყებენ იმ ბარიერზე საუბარს, რომელზეც ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ... ყველა ჩვენი მოთხოვნა უნდა შესრულდეს, არაფერი არ იცვლება, ჩვენი მეორე სამსახურია, 19:00 საათზე ვიკრიბებით ისევ აქ," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარიშვილმა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ამ ეტაპზე მთავარი მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს გიორგი გახარია. მარიამ გეგუჩაძე ამბობს, რომ 20 ივნისის სისხლიან მოვლენებზე სწორედ შს მინისტრს ეკისრება პასუხისმგებლობა.

ამ დრომდე დაუკმაყოფილებელია აქციის სხვა მთავარი მოთხოვნები. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაყენებას ითხოვენ. ასევე, იმ სამართალდამცავების დასჯისკენ მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს უფლებამოსილებას გადაამეტეს.

მომიტინგეები ითხოვენ, რომ აქციის ღამეს დაკავებულები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.

დღის ამბები