20 აპრილი 2024,   17:51
ვრცლად
"დაიწყო საქართველოში ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის მსხვრევა,“- გრიგოლ ვაშაძე

უმრავლესობის ლიდერის განცხადებამ საარჩევნო ბარიერის გაუქმებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებში კითხვები გააჩინა. ოპოზიციის წევრების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა მორიგ ხრიკს მიმართა და  ამ გზით პარლამენტში ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. ისინი ვარაუდობენ, რომ ივანიშვილს ოპოზიცური გაერთიანებების გათიშვა უნდა. 

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, შემოთავაზება საფრთხის შემცველია.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მოთხოვნების ამ ნაწილში გამარჯვებას მიაღწია, თუმცა კითხვები არსებობს და შესაბამისად, პროცესში „ჭიდაობა“ გარდაუვალი იქნება.

„ეს არის პირველი სიტყვები, პროცესი იქნება რთული ნულოვანი რას ნიშნავს, როგორ იქნება მოლაპარაკები, საკანონმდებლოდ ეს როგორ გაფორმდება... ყველაფერი. ბრძოლა, რა თქმა უნდა, გრძელდება იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, როგორ შეუძლია „ქართულ ოცნებას“ პირობების გატეხვა. რა თქმა უნდა, მათი ჩანაფიქრი, რომ სატელიტები გაიყვანონ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამ პროცესს გავყვებით, გვექნება, პირდაპირ გეტყვით,  ჭიდაობა ამ პროცესში და ეს ჩანაფიქრი გასაგებია, მაგრამ ეს მაინც, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარია, რომ საზოგადოებამ მოიპოვა გამარჯვება, ნაწილობრივ...,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე  დაწყებულ პროცესს ერთპიროვნული მმართველობის მსხვრევად მოიხსენიებს. ის ასევე, ამბობს, რომ ნულოვან საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით პირველ რიგში თავისი პოზიცია პარლამენტის წინ შეკრებილმა საზოგადოებამ უნდა გამოხატოს.

"ჩვენ ამაზე აუცილებლად გვინდა გავიგოთ უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანების აზრი, რომლებიც  დღეს პარლამენტის წინ დღეს 7 საათზე შეიკრიბებიან და მინდა თქვენი მეშვეობით გავაკეთო მოწოდება, მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მოხვიდეთ და  კიდევ ერთხელ გააგონოთ თქვენი ხმა ხელისუფლებას, მაგრამ შუალედური გამარჯვება მიღწეულია - დაიწყო საქართველოში ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის მსხვრევა,“- განაცხადა ვაშაძემ. 

ხელისუფლების ოპონენტები ხაზს უსვამენ, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება არა ცალმხრივად, არამედ საზოგადოებასთან კონსულტაციის გზით უნდა მიიღოს.

„დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ ჩვენ ახლა დავიწყოთ დიალოგი და ხელისუფლებამ ასე, როგორც კონსტიტუცია მიიღო თავის დროზე ყველასთან საუბრის და დიალოგის გარეშე, ისე არ მიიღოს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება ითხოვს დიალოგს და არა ცალმხრივ გადაწყვეტილებებს,“- განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები