20 აპრილი 2024,   09:16
ვრცლად
პროპორციული სიები და ნულოვანი ბარიერი - დათმობა თუ პოლიტიკური თაღლითობა ივანიშვილის მხრიდან

დათმობა თუ პოლიტიკური თაღლითობა? - სწორედ ეს კითხვა გაჩნდა ბიძინა ივანიშვილის მიერ ნულოვანი ბარიერით პროპორციული სისტემის შეთავაზების შემდეგ. რა არის ეს ნულოვანი ბარიერი? - დღემდე საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი იყო 5%, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ პარტია ხმების ხუთ პროცენტს ვერ მიიღებდა, ის პარლამენტშიც ვერ შევიდოდა. თუმცა, ნულოვანი ბარიერის დროს ნებისმიერი მსურველი მოხვდება პარლამენტში. არა - სინამდვილეში სისტემა, რომელსაც საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილი სთავაზობს არ არის სრულიად უბარიერო.

ანუ, უბრალოდ არჩევნებში მონაწილეობა და თუნდაც ერთი ხმის მიღება, არ ნიშნავს ავტომატურად პარლამენტში მოხვედრას და აი რატომ:

სულ საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია და თუ მაჟორიტარები გაუქმდება, მაშინ ყველა დეპუტატი პროპორციული სისტემით არჩეული იქნება.

იმისთვის, რომ კანდიდატმა ანუ პარტიულმა სიამ,  მიიღოს თუნდაც ერთი მანდატი, მან უნდა დააგროვოს ხმების ის რაოდენობა, რაც ღირს ერთი ადგილი პარლამენტში.
პროცენტულად ეს არის საარჩევნო ხმების 150-ედი - ანუ 100%-ის 150-ედი, რაც არის 0,67%.

მაგრამ ეს მხოლოდ პროცენტული მაჩვენებელია და რადგანაც ითვლება არა ამომრჩევლის სრული რაოდენობა, არამედ არჩევნებზე მისულთა ნამდვილი რაოდენობა, ამიტომ ზუსტი რიცხვის თქმა, თუ რამდენი ხმაა საჭირო პარლამენტში შესასვლელად, შეუძლებელია.
თუმცა არსებობს სტატისტიკა, მაგალითად:

შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების პარტიული სურათი რომ გავითვალისწინოთ, ასეთი მონაცემი გვექნება:

პირველ ტურში სულ არჩევნებზე მივიდა 1 594 031 ამომრჩეველი და შესაბამისად მანდატის ფასი იქნებოდა 10 627 ხმა - ანუ ეს რომ საპარლამენტო არჩევნები ყოფილიყო, პარლამენტში გავიდოდა ყველა პარტია, ვინც 10 627 ხმაზე მეტს მიიღებდა.

მეორე ტურში აქტივობა იყო 1 929 009 და მანდატის ფასი იქნებოდა 12 860 ხმა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი ასეთია: სულ ამ არჩევნებზე მივიღეთ 1 825 054 ხმა და მანდატის ფასი გამოვიდოდა 12 167 ხმა.

ყველაზე ძვირფასი კი პარლამენტარის სავარძელი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო - აქ უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა და შესაბამისად ხმების დიდი რაოდენობა დაფიქსირდა 2 152 787 ხმა და მანდატის ფასი 14 352 ხმა.

კიდევ უფრო საინტერესო სურათი - რა მოხდებოდა წინა საპარლამენტო არჩევნებზე ეს კანონი ძალაში რომ ყოფილიყო?

მაგალითად 2016 წლის არჩევნებზე როდესაც ერთი მანდატის ფასი 12 167 ხმა გამოვიდა, პარლამენტში მოხვდებოდა 10 პარტია.

1. "სახელმწიფო ხალხისთვის" - 60 681 (3.45 %)
2. "დემოკრატიული მოძრაობა" - 62 166 (3.53 %)
3. "ნაციონალური მოძრაობა" - 47 7053 (27.11 %)
4. "რესპუბლიკელები"  - 27 264 (1.55 %)
5. "პატრიოტთა ალიანსი" - 88 097 (5.01 %)
6. "ლეიბორისტული პარტია" - 55 208 (3.14 %)
7. "მრეწველები"- 13 788 (0.78 %)
8. "ეროვნული ფორუმი"- 12 763 (0.73 %)
9. "თავისუფალი დემოკრატები"- 81 464 (4.63 %)
10. "ქართული ოცნება"- 856 638 (48.68 %)

აი დაახლოებით ასეთი ვითარების შექმნას ცდილობს ახლა ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. მისი და მთლიანად "ქართული ოცნების" მიზნები მრავალფეროვანია - პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილი შემდეგ მარტივად შეძლებს დაბალპროცენტიანი პარტიების ყიდვას. ან პირდაპირ დააფინანსებს ბევრი ფსევდო-ოპოზიციური პარტიის შექმნას, რომლებსაც შეიყვანს პარლამენტში.
ეს სისტემა ასევე საფრთხეს უქმნის ოპოზიციის ერთიანობას, ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ამ სისტემის პირობებში არავის არ დასჭირდება ვინმესთან მიკედლება. სუსტი ნებისყოფის პოლიტიკოსებმა შესაძლოა გადაწყვიტონ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა.

რაც არ უნდა იყოს კითხვაზე - დათმობაა ეს თუ პოლიტიკური ხრიკი? პასუხი მარტივია, ეს არ არის ივანიშვილის მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის დათმობა. ოლიგარქი, ცდილობს დაყოს და იბატონოს.

​ 

დღის ამბები