15 დეკემბერი 2019,   06:32
ვრცლად
რუსეთის დაბრუნება იქნება ყველა იმ დანაშაულის მხარდაჭერა, რასაც რუსეთი ჩადის - ბაქრაძე რუსეთისთვის ევროსაბჭოში ხმის უფლების დაბრუნებაზე

რუსეთი, ევროპის საბჭოს საზაფხულო სესიას, ხმის უფლებით დაესწრება. საპარლამენტო ასამბლეამ შესაბამისი რეზოლუცია 118 ხმით მიიღო. წინააღმდეგი იყო 62 დეპუტატი, 10-მა კი თავი შეიკავა. 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა დებატები, რომელზეც რეზოლუცია მწვავე გააკრიტიკა არაერთმა ქვეყანამ. მიღებული დოკუმენტის მიხედვით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი დელეგაციისთვის ხმის ჩამორთმევის უფლებას.

ევროპელ დეპუტატებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა დავით ბაქრაძემ მიმართა. მან საქართველოს რუსული ოკუპაცია მოიყვანა მაგალითად და განაცხადა, რომ აგრესორს ხმის უფლება არ უნდა დაუბრუნდეს.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ საკითხს, რომელსაც ფუნდამენტურ გავლენას მოახდენს ამ ორგანიზაციის მომავალზე. ეს არ არის პროცედურული გადაწყვეტილება. ჩვენ ვმსჯელობთ იმ ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც არღვევს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით, ყირიმის ანექსიით, დონბასში ომით. ჩვენ მსჯელობთ ისეთი ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც ყოველდღიურად იტაცებს და აწამებს ადამიანებს ჩემს ქვეყანაში, საქართევლოში. ჩვენ მივიღეთ ათობით რეზოლუცია საქართველოზე და უკრაინაზე. მომიყვანეთ ერთი მაგალითი, როდესაც რუსეთმა რომელიმე შეასრულა. არც ერთი. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც აგრძელებს მეზობლებზე ზეწოლას. ქვეყანაზე, რომლის პრეზიდენტმა, პუტინმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალი ტალღის შესახებ. ამ ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნება იქნება ყველა იმ დანაშაულის მხარდაჭერა, რასაც რუსეთი ჩადის,”-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა დავით ბაქრაძემ.

რუსეთის დელეგაცია უკვე სტრასბურგში იმყოფება. ხმის უფლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთს 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ჩამოერთვა.

დღის ამბები