20 აპრილი 2024,   15:58
ვრცლად
სად იყო ბატონი გიორგი გახარია, ტელევიზორში მაინც არ უყურებდა იმას, რაც ხდებოდა? - კვაჭანტირაძე მმართველ გუნდს 

პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებში, დაგეგმილ პროვოკაციას ხედავს. მისი განმარტებით, სხვა შემთხვევაში,  მართლმადიდებლური ასამბლეის სხდომა პარლამენტის სხდომათა დარბაზის  ნაცვლად სხვაგან  გაიმართებოდა. 

„საზოგადოება არის მაქსიმალურად ეგზალტირებული, იმიტომ, რომ საუბედუროდ ჩვენს ქვეყანაში ბოლო დღეებში ძალიან ცუდი სცენარი განვითარდა, რომელიც დიდი ალბათობით პროვოკაციიდან დაიწყო. სხვანაირად მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმ ფაქტს, რაც მოხდა აქ მართლმადიდებლობის ასამბლეის სხდომაზე, რომელიც შესაძლებელი იყო სრულიადაც, პატივცემულო კოლეგებო, რომ არ ჩატარებულიყო ამ დარბაზში. ეს ასამბლეა აქ ჩატარდა, ამ დარბაზში მხოლოდ იმიტომ, რომ თანხები ყოფილიყო დაზოგილი. თავისუფლად შეიძლებოდა ამ ასამბლეის ჩატარება სასტუმროში, როგორც ტარდება ყველგან თითქმის. შეიძლებოდა სხვაგან ჩატარება და ნაკლები თანხების ხარჯვა შეიძლებოდა გაუთავებელ ვიზიტებზე არაფრის მომცემზე, იგივე თავმჯდომარის და შეიძლებოდა ეს თანხა გადაეხადათ 3000-4000 ლარი „რედისონში“ , „ბილტმორში“, ნებისმიერ სასტუმროში, მეტი არ ღირს. იქ ჩატარებულიყო და ამხელა პროვოკაციას თავიდან ავიცილებდით. ახლა მიდის ღადავი საზოგადოებაში „მადლობა მართლმადიდებლობას, რომელმაც მოგვცა პროპორციული არჩევნები,“ „მადლობა ზაქარია ქუცნაშვილს, რომელმაც გვაჩუქა ნულოვანი ბარიერი,“. ეს არის გაუთავებელი შეცდომების ჯაჭვის შედეგი,“- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

პარლამენტის წევრმა ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ოპოზიციის მხრიდან არაერთი გაფრთხილება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ასამბლეის სხდომა პარლამენტის სხდომათა დარბაზში არ გამართულიყო. ზვიად კვაჭანტირაძემ 20 ივნისის ღამეს განვითარებულ სისხლიან მოვლენებზეც ისაუბრა და ყურადღება შს მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა.

„რაც შეეხება იმ 20 ივნისის ღამეს, მე მესმის, რომ გიორგი გახარია ძალიან მნიშვნელოვანი კაცია უმრავლესობისთვის და ხელისუფლებისთვის, მაგრამ ერთადერთ შეკითხვას დაგისვამთ, სად იყო ბატონი გიორგი გახარია, ტელევიზორში მაინც არ უყურებდა იმას, რაც ხდებოდა? თქვენ შეიძლება თქვათ, რომ მას არ გაუცია ბრძანება, რომ  დამიზნებით შუბლში და თვალებში ესროლა ახალგაზრდებისთვის, მაგრამ ამას ხომ ყველაფერს ხედავდე ტელევიზიით მაინც,“- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

დღის ამბები