20 აგვისტო 2019,   08:19
ვრცლად
პროპორციული საარჩევნო სისტემა - ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს

ოპოზიციის ლიდერები  საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსულტაციებს იწყებენ. განიხილება 2020 წლისთვის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხი. ოპოზიციის ნაწილი გარკვეულ რისკებს ხედავს ბიძინა ივანიშვილის წინადადებაში, რომ საარჩევნო ბარიერი 0% იყოს. 

„ოპოზიციაში არ არის ეიფორიული განწყობა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და რაღაც დამთავრდა. პირველი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე გახარიას ნაწილშიც, დაპატიმრებულების გათავისუფლების ნაწილშიც და რაც მთავარია, პროპორციული სისტემის დაკანონების ნაწილშიც. ეს არის პირველი. მეორე, ჩვენ უახლოეს ორ დღეში გვექნება ჩამოყალიბებული კონკრეტულ საკითხთა ნუსხა იმ მაგიდისთვის, რომელიც შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა“, -აცხადებს „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე.

ხელისუფლების ინიციატივას იძულებითს უწოდებს „რესპუბლიკური პარტია“ და საარჩევნო კოდექსში შესატან სხვა ცვლილებების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. 

„ხელისუფლების იძულებითი ინიციატივა არის ის, რომ 3%-იან ბარიერს ცვლის 0. 67%-იანი ბარიერით და პროპორციული სისტემით ტარდება არჩევნები 2020 წელს. სხვა თემებზე მათ არ ულაპარაკიათ. ამიტომ სხვა საკითხებს ეს არ ეხება. აქ არის, რომ 2020-იდან ჩატარდეს პროპორციული სისტემით მთლიანად არჩევნები. ბლოკებს ჩვენ არც განვიხილავთ“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ოპოზიციის მოსაზრებები ერთიანია საარჩევნო ბლოკების შექმნის ნაწილშიც. ხელისუფლების ოპონენტები საარჩევნოდ ბლოკების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ. 

„რაც ჩაიდინა ხელისუფლებამ, შეფასებაც კი არ გაუკეთებია უკვე ამდენი ხანია პარლამენტს, ასე უტიფრად რაღაცა პირობებს გვთავაზობენ. იქ არ არის პასუხი, დარჩება თუ არა ბლოკები, ამაზეა საუბარი. დარჩება ბლოკები? ეს სხვა თემაა მაშინ. უპირობოდ მივიღოთ მისი უპირობო შემოთავაზება, ამაზე ლაპარაკი არ არის ნამდვილად“, - განაცხადა პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ,  თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები