20 აპრილი 2024,   18:26
ვრცლად
„პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, ვინც არეულობის წამქეზებლები და ორგანიზატორები იყვნენ" - თალაკვაძე

„პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პასუხი აგონ იმ ადამიანებმაც, ვინც ამ არეულობის წამქეზებლები და ორგანიზატორები იყვნენ. იყო პოლიციელებზე შეტევა, ის, რაც მოხდა შემდეგ იყო პასუხი ამ ძალადობრივ შეტევაზე, რომელმაც ერთმა ჯგუფმა, მაღალი ალბათობით, დააორგანიზა,“ - ეს განცხადება, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გააკეთა.

მისი თქმით, 20 ივნისს შს მინისტრმა და შს სამინისტრომ შეასრულა თავისი კანონისმიერი მოვალეობა და არ დაუშვა არეულობა, რომელსაც შეეძლო და მოიტანდა გაცილებით საზიანო შედეგებს და ასევე, არ დაუშვა, ქვეყანაში პროცესების ძალადობრივი სცენარით განვითარებულიყო. არჩილ თალაკავძის განცხადებით, სანამ ოკუპაცია გრძელდება, რუსეთის დუმის არც ერთი დეპუტატის ადგილი არ არის და არ იქნება საქართველოს პარლამენტში.

მან გავრილოვის მიერ პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავებას პროვოკაციული ჟესტი უწოდა. თალაკვაძის შეფასებით, მშვიდობიანი მანიფესტაცია გარკვეულ მომენტში ერთი კონკრეტული ჯგუფი შეეცადა, გადაეყვანა აგრესიაში, დაიწყო შტურმი პარლამენტზე.

მისი განცხადებით, შსს-მ, პოლიციელებმა შეასრულეს თავისი მოვალეობა და მათ საზოგადოებრივი წესრიგი, მოქალაქეები და საკონსტიტუციო ინსტიტუტი დაიცვეს.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ჩნდება ბევრი კითხვა, საიდან გაჩნდა ქვით სავსე ბოთლები, ვინ უწევდა ორგანიზებას აგრესიულ შეტევას პოლიციის კორდონზე, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს.

„დასანანია, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოო შედეგად მოგვცა ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ახალგაზრდები და პოლიციელები არიან დაშავებულები,. ჩვენი ფიქრი და ყურადღება პირველ რიგში, ამ ადამიანებს ეკუთვნით. ყველაფერი კეთდება და პარლამენტი ზედმიწევნით ყურადღებით იქნება, რომ მომავალში გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ იმ ადამიანების ჯანმრთელობა მიმდინარე მოვლენების ფონზე დაზარალდა, ვინც, ალბათ, გადაიხადა ყველაზე მეტი ფასი მიმდინარე მოვლენების გამო და იმის გამო, რომ ოპოზიციიდან ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი აღმოჩნდა აგრესიული დღის წესრიგის წინა რიგებში,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა და მის მიერ თანამდებობიდან წასვლას ღირსეული ნაბიჯი უწოდა.

თალაკვაძემ 2020 წელს არჩევნების პროპორციულად და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას სწორი გადაწყვეტილება უწოდა.

„ესა რის განსხვავება ჩვენ პოლიტიკურ ძალასა და ამ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას შორის, ისინი საზოგადოებას სთავაზობდნენ ნულოვან ტოლერანტობას, ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ ნულოვან ბარიერს პროპორციულ არჩევნებში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს იხილავენ. პარლამენტის სპიკერის თანამდებობაზე წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატურა - არჩილ თალაკვაძე, რომელიც პარლამენტს უმრავლესობამ შესთავაზა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები