23 აპრილი 2024,   10:51
ვრცლად
"ბიძინას ბლანკი მაინც მოიგონონ, რომ აგვიხსნან, რის მიხედვით არ უშვებენ ადამიანებს" - პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

პარლამენტის შენობის გარშემო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. შესასვლელებში რკინის ბარიერები დააბრუნეს და რამდენიმე ადგილას მოაწყვეს ახალი საკონტროლო პუნქტები.  

შენობაში შესვლა ისევ გართულებული იყო ჟურნალისტებისთვის და პარლამენტის თანამშრომლებისთვის.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრება შენობასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდება.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მდივანს, ხათუნა გოგორიშვილს განუცხადეს, რომ საშვთა ბიუროს არმუშაობის გამო შეიქმნა პრობლემები. თუმცა, გოგორიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„საშვთა ბიურო გათიშულია, არ მუშაობს დაცვის არანაირი სისტემა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის კანონსაწინააღმდეგო, ანტიკონსტიტუციურია. არავის არ აქვს უფლება პარლამენტის შენობაში, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა, რომელიც არ გვყავს დააწესოს ნებისმიერი რეჟიმი. ან ერთადერთი, რაც უნდა ექნა ირაკლი კობახიძეს, გადადგომამდე უნდა მიეცა ეს უფლებამოსილება ანზორ ჩუბინიძისთვის. მე ვითხოვ, მანახონ, რის საფუძველზეა ეს ყველაფერი. რატომ დგას აქ შსს-ს თანამშრომლები, არ აქვთ ამის უფლება, არც ამ რკინების დაყენების უფლება აქვთ, საერთოდ უფლება, კანონი, კონსტიტუცია, არ აინტერესებს ამ ხელისუფლებას, ეს არის და ეს,“ - განაცხადა გოგორიშვილმა.

დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე პრობლემის შემქნა რომ კანონდარღვევაა, ამაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. დეპუტატის თქმით, შს მინისტრი კონსტიტუციას არღვევს.

ხელებაკანკალებული გახარია ცდილობს კონსტიტუციის და კანონდარღვევით დაიცვას საკუთარი სკამი. ამაზეა ახლა ლაპარაკი და თვითონ ამ ფორმიან ადამიანებს, აყენებს ის კანონგარეშე. იმიტომ, რომ დეპუტატისთვის უფლებამოსილებაში ხელის შეშლა, რასაც ახლა ისინი აკეთებენ, არის ძალიან უხეში კანონდარღვევა,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს არც "ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის თანამშრომელი. პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ კომიკური სიტუაციაა შექმნილი საკანონმდებლო ორგანოში.

„ბიძინას ბლანკი მაინც მოიგონონ, რომ აგვიხსნან, რის მიხედვით არ უშვებენ ადამიანებს. სიმართლე გითხრათ, სატირალი რომ არ იყოს, სასაცილოა. ჩვენი პრესსამსახურის თანამშრომელი, რომელიც მოვიდა სამსახურში, იმიტომ, რომ არ იცის „ოცნებამ“ ახლა ეს უნდა თუ არ უნდა, უბრალოდ დაკეტა კარი. წარმოუდგენელია, ან ამ ბიჭებს რა დღეში აყენებენ, კომიკურია უკვე,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები