„რიგით პოლიციელებზე ჯოხის გადატეხვა და ამით სიტუაციიდან გამოძრომა, ვთვლი, რომ არ არის ღირსეული საქციელი,“ - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ შს მინისტრის მისამართით გააკეთა.
ლევან კობერიძე აცხადებს, რომ 20 ივნისის სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ უნდა აიღოს. რაც შეეხება სამართალდამცავების მიერ 10 სპეცრაზმელის მიმართ დაწყებულ გამოძიებას, კობერიძე ამბობს, რომ რიგითებზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი და ბრძანების მიმცემი პირები უნდა გამოიკვეთონ.
„გახარიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, თუ რა მოხდა იმ ღამეს. რიგით პოლიციელებზე ჯოხის გადატეხვა და ამით სიტუაციიდან გამოძრომა, ვთვლი, რომ არ არის ღირსეული საქციელი. მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ან ის პროვოკაცია შეჭრასთან დაკავშირებით, ამას უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, ოღონდ ამას ამდენი ლაპარაკი კი არ სჭირდება და ახლა პოლიტიკური დღის წესრიგის გადაფარვა, თუ რამე გასაკეთებელია, დროზე უნდა გადაიდგას და გაკეთდეს და საზოგადოება კიდევ უარესს დაპირისპირებამდე არ უნდა მივიყვანოთ,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.
ლევან კობერიძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მას უნდა აეღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.
„კობახიძეს პასუხისმგებლობა უნდა აეღო და თავის დროზე უნდა გადამდგარიყო, სანამ ეს ამბები მოხდებოდა იმ ღამეს და მისი პასუხისმგებლობა იყო დაკავშირებული იმასთან, რომ გავრილოვი, რუსი დეპუტატი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე,“ - განაცხადა კობერიძემ.