„პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა, რომ ყველაზე მაღალი დონის დახვედრას მოგვიწყობთო, ველოდებით თქვენს ფორუმს,“ - ეს განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გააკეთა.
გავრილოვმა, რომელიც თბილისში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდა და იქიდან გეგმავდა ასამბლეის წაყვანას, აცხადებს, რომ მსგავსი პომპეზური დახვედრა და პარლამენტში ასამბლეის ჩატარება ირაკლი კობახიძის ინიციატივა იყო.
გავრილოვის თქმით, მან პარლამენტის თავმჯდომარეს შეთავაზა, რომ შეხვედრა მოკრძალებულად ჩატარებულიყო, რაზეც ირაკლი კობახიძისგან უარი მიიღო.
„ვერ წარმოვიდგენდით, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა და ამას ორი მთავარი გარემოება აქვს. ერთის მხრივ, იმიტომ, რომ ქართველმა ლიდერებმა, საქართველოს ხელმძღვანელმა პირებმა სტუმართმასპინძლობა გამოიჩინეს. პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა, რომ ყველაზე მაღალი დონის დახვედრას მოგვიწყობთო, ველოდებით თქვენს ფორუმს, რადგან ის ძალიან კარგად იმოქმედებს მსოფლიოში საქართველოს ავტორიტეტზე და რეიტინგზე. მოცემული იყო წერილობითი გარანტიები, როგორც უსაფრთხოების, ასევე მასპინძლობის შესახებ. მაშინ ვკითხე, ხომ არ ჯობია უფრო მოკრძალებულად შევიკრიბოთ და ჩავატაროთ ღონისძიება. მან მითხრა, არა - აუცილებლად პარლამენტში უნდა შევიკრიბოთო, მხოლოდ პარლამენტში, საუკეთესო დარბაზში, თქვენ წაიყვანთ პრეზიდიუმიდანო, ჩამოიყვანეთ ცოლები, შვილები, რომ ყველამ ნახოს, რამდენად შესანიშნავი ქვეყანაა საქართველო, როგორი მასპინძლობა ვიცით და რომ ნამდვილი ევროპული ქვეყანა ვართო,“ - განაცხადა გავრილოვმა ტელეარხ „ენტევესთან" ინტერვიუს დროს.