„ამით ხელისუფლებას სურს, რომ გარკვეული შიში დათესოს იმ მომიტინგეებს შორის, რომლებიც აქ იკრიბებიან ყოველ საღამოს და საპროტესტო ტალღა და მუხტი არ კლებულობს,“ - ეს განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ალექსანდრე ბარამიძემ გააკეთა.
ალექსანდრე ბარამიძე პროკურატურის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ბარამიძის თქმით, პროკურატურას მოუწევს სავარაუდო დანაშაულის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულებების წარდგენა.
ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, პროკურატურის განცხადება ემსახურება მომიტინგეების დაშინებას, თუმცა, ბარამიძე საპროტესტო მუხტის გაზრდას ელის.
„ვვარაუდობ, რომ ეს უკანასკნელი მოქმედება ხელისუფლების მხრიდან უბრალოდ გაზრდის საპროტესტო მუხტს და არანაირად არ შეამცირებს მას. გადა ამისა, რასაკვირველია, მათ სურთ, რომ გადაფარონ ის დანაშაული, რომელიც სპეცრაზმმა ჩაიდინა იმ ავბედით ღამეს, როდესაც დამიზნებით ესროლეს ჩვენს ახალგაზრდებს, რომელიც დათვის, ლომის და ამგვარი გარეული ცხოველების გასანეიტრალებლად გამოიყენება ხოლმე. ვინ გასცა ასეთი ბრძანება, ვინ ხელმძღვანელობდა ამას, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, ვიფიქროთ, რომ ამას ხელმძღვანელობდა გიორგი გახარია. მაინტერესებს, აპირებს თუ არა პროკურატურა დევნის დაწყებას მინისტრის მიმართ, მაგალითად, აქ ბევრი კითხვებია,“ - განაცხადა ბარამიძემ.