25 აპრილი 2024,   21:31
ვრცლად
ნადირობას მოქალაქეებზე და ახალგაზრდების დათვის მოსაგერიებელი ტყვიებით ჩაცხრილვას "ოცნებაში" მოროდიორობის რისკით ამართლებენ

მმართველი გუნდის წევრები მშვიდობიანი მომიტინგეების მისამართით ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიების გამოყენების გამართლებას ყველა მეთოდით ცდილობდნენ.

თვალებდათხრილი მოქალაქეები, თავგატეხილი მომიტინგეები, დასახიჩრებული სტუდენტები და დათვის მოსაგერიებელი ტყვეებით ჩაცხრილული ახალგაზრდები ირაკლი სესიაშვილს არ უხსენებია. პარლამენტის სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ მხოლოდ 14 მომიტინგე დაშავდა და ისიც ჭყლეტაში.

ირაკლი სესიაშვილის ამ განცხადებას საზოგადოების მწვავე პროტესტი სოციალურ ქსელებში მალევე მოყვა, რის შემდეგაც სესიაშვილი იძულებული გახდა, დამატებითი განმარტება გაეკეთებინა, თუმცა იმაზე უარესი თქვა, ვიდრე მანამადე.

სკვერებში, სადარბაზოებსა და სახურავებზე სპეცრაზმის ტყვიებს გაქცეული ადამიანების დევნა, „ქართული ოცნების“ ლიდერმა მოროდიორობის რისკით გაამართლა. სესიაშვილის მტკიცებით, აქციის მონაწილეები კაფე-ბარებს არბევდნენ.

ირაკლი სესიაშვილს და უმრავლესობის ყველა წევრს დღეს ოპოზიციამ საგანგებოდ მიმართა და პირდაპირ უთხრა, რომ შუბლის ძარღვი არ უნდა გაიწყვიტონ.

უმრავლესობის ლიდერები კი ერთმანეთის მიყოლებით მათი თანაგუნდელის ირაკლი სესიაშვილის განცხადებას ამართლებდნენ და ამბობდნენ, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი სისხლიანი დარბევის გამო არ უნდა დადგეს.

20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება.

შინაგან საქმეთა მინისტრის სურვილს, რომ ის პარლამენტში პარასკევს გამოცხადდეს, ოპოზიციამ დღეს საქართველოს მოქალაქეების დაცინვა კიდევ ერთხელ უწოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები