20 ივლისი 2019,   10:10
ვრცლად
„ჩვენ ამაყად, წელში გამართული, ღიმილით შევალთ ციხეში და ზუსტად ასევე გამოვალთ“ - გიგი უგულავა

კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც, სავარაუდოდ, პატიმრობა ემუქრება, გიგი უგულავაა. 20 ივნისის ღამის შემდეგ ერთ-ერთი, ვინც უწყება მიიღო გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით გიგი უგულავაა. ამასთან, არსებობს ინფორმაცია, რომ გამთენიისას იგეგმება 20 ადამიანის აყვანა და მათ შორის "ევროპული საქართველო"ს ლიდერიც არის.

დააკავებენ თუ არა მას, თავად ამბობს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. გიგი უგულავა აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში მისი დაკავება გამორიცხული არ არის.

„არ მაქვს საფუძველი, რომ სერიოზულად აღვიქვა, არც იმის საფუძველი, რომ არასერიოზულად აღვიქვა. ერთადერთი, რაც მინდა, მართლა ვიცოდე ბავშვი მყავს და გავხიზნო, გავიყვანო, რომ ეს დისკომფორტი მან არ ნახოს. ჩემთვის ეს პირველი არ არის და ივანიშვილის პირობებში აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ჩვენ ვისხდეთ ციხეში და  გახარია პარლამენტში ღაღადებდეს, როგორ იცავდა 20 ივნისს ადამიანის უფლებებს. როდესაც ხელისუფლება გადადის დათვის ტყვიების სროლაზე და პატარა გოგოებს და ბიჭებს ნადირისთვის განკუთვნილ ტყვიებს ესვრის, ასეთ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა,“ -განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა მიმართავს აქციის მონაწილეებს, რომ პროტესტი არ შეწყვიტონ.

„მეგობრებო, მტკიცედ უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ მხნედ, დაჭერები, ბრძოლის შემადგენელი ნაწილია, ციხე. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ჯერობით ვართ ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ხაზი გადის ციხეზე. არ არის პრობლემა. ჩვენ ამაყად, წელში გამართული, ღიმილით შევალთ ციხეში და ზუსტად ასევე გამოვალთ ციხიდან,“-განაცხადა გიგი უგულავამ. 

მისივე თქმით, არც ერთ ხელისუფლებას მსგავსი ქმედება არ შერჩება და ასე მოხდება "ქართული ოცნების" პირობებშიც.

„ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ "გააპრავა" რუსთაველის გამზირზე დაღვრილი სისხლი. ყველა ვეძებდით სამართლებრივ საფუძვლებს. დამიჯერეთ, ამაზე მყარი საფუძვლები არსებობდა. არსებობდა ჩანაწერები რუსებთან კოლაბორაციის. მაგრამ გავიდა 10 წელი, თუნდაც 7 ნოემბრიდან და საზოგადოება მაინც იმ აზრზეა, არ გაიზიარა მაშინდელი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და საზოგადოებრივად ვერ "გაპრავდა",“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები