ფაქტია, რომ მოცემულ შემთხვევაში პატიმრობა რჩება უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიებად - ეს განცხადება, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა საკომიტეტო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც ნიკა მელიას მმართველი გუნდის დეპუტატებმა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნას, მხარი დაუჭირა.
პროკურორის მტკიცებით, მელიას წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში, არაერთი მტკიცებულებაა, როგოც მოწმეების ასევე ვიდეო მტკიცებულებების სახით. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მელიას წინააღმდე ჩვენებას ძირითადად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აძლევენ, პროკურორი ამბობს, რომ ეს არ მიუთითებს ცრუმოწმეობაზე.
„საქმეში მოიპოვება მოწმეთა ჩვენებები. საუბარი იყო პოლიციელების ჩვენებებზე, იმ კონტექსტში თითქოს და ის გარემოება, რომ ისინი პოლიციელები არიან აპრიორი მიუთითებს მათ ცრუ მოწმეობაზე, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული მათგანი არის აღბეჭდილი ნიკანორ მელიას გვერდით ფირზე,“- განაცხადა პროკურორმა.
„კურიერის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, ვინ არის მოწმე ალექსანდრე ბუიშვილი, რომელიც ენმ-ს წევრ დავით კირკიტაძის საქმეშიც ფიგურირებდა და არის თუ არა ის პროკურატურის ცრუ მოწმე, პროკურორმა მოკლედ უპასუხა:
„ყველა პოლიციელი, რომლის ჩვენებაც მითითებული არის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ვიდეოჩანაწერებით დადასტურებულია, რომ იმყოფებოდნენ 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან ფაქტობრივად ნიკანორ მელიას გვერდით ,“- აღნიშნა გულუაშვილმა.
პროკურორი ამბობს, რომ არსებული გარემოებები ნიკა მელიას დაკავების აუცილებლობაზე მიუთითებს.
„ არსებობს არაერთი გარემოება, რის გამოც ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით უნდა იყოს გამოყენებული პატიმრობა, ვინაიდან სხვა ნაკლებად მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნებს. საზღვრის კვეთა გამოყენებული იყო სხვა არგუმენტებთან ერთად კუმულაციურად. მნიშვნელოვანი არის ამ პროცესში ის გარემოება, რომ ნიკანორ მელიას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული აქვს გირაო. შესაბმისად, ამ გირაომ ვერ უზრუნველყო მისი სათანადო ქცევა. სახეზე არის გირაოას პირობების ფაქტობრივად დარღვევა და ფაქტია, რომ პატიმრობა რჩება უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიება მოცემულ შემთხვევაში.“- განაცხადა პროკურორმა.
ამ წუთებში ნიკა მელიასთვისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას კენჭი სესიაზე უნდა უყარონ. დღეს კი განხილვები კომიტეტზე ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
დეპუტატებს არგუმენტები და მტკიცებულებები პროკურატურის წარმომადგენლებმა გააცნეს. პროკურორები ამბობენ, რომ ერთადერთ ალტერნატივად ნიკა მელიას პატიმრობა რჩება.
გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინება.