"ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის ხელის ბიჭი" - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც იურიდულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, მმართველი გუნდის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პროკურატურის მოთხოვნას ნიკა მელიასთვის სადეპუტატი იმუნიტეტის შეჩერების შესახებ. ნიკა მელია პარლამენტის სესიას დაესწრება, სადაც ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„ბიძინა ივანიშვილი არის მონურ მორჩილებაში პუტინთან იმიტომ, რომ მას თავის მხრივ ჰყავდეს სხვები მონურ მორჩილებაში, ხედავთ ივანიშვილი მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანები რას აკეთებენ, მათ შორის პარლამენტში,“ - აღნიშნა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, რუსი დეპუტატი გავრილოვი ქართველი დეპუტატების დასჯას ითხოვს, ივანიშვილი კი პუტინის დავალებებს ასრულებს.
„ამ წუთამდე რომ აქ ვარ და აქამდე ხელბორკილები რომ არ დამადეს, ესეც გასაკვირია. ახლა ყველაზე ცოდო და რთულ მდგომარეობაში ვინც არის, ბიძინა ივანიშვილი არა იმიტომ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდა, არამედ იმიტომ, რომ პუტინი სხვა გზას არ უტოვებს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.