"ვინაიდან, სამწუხაროა, რომ ასეთის მცდელობას ჰქონდა ადგილი, სახელმწიფო არის ვალდებული მოახდინოს შესაბამისი რეაგირება" - ეს განცხადება გიორგი კახიანმა, უმრავლესობის წევრების მიერ, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხის მხარდაჭერის შეფასებისას გააკეთა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ ნებისმიერი სახის მოწოდება, რომელიც კონსტიტუციურ ინსტიტუციაზე გალაშქრებას ისახავს მიზნად, ეს იქნება ძალიანა მკაცრად დასჯილი.
„ფაქტები, რაზეც არის საუბარი, და კერძოდ, ვგულისხმობ იმას, როდესაც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა მცდელობა პარლამენტის შენობაში ძალადობრივი გზით შევარდნის. ეს არის უმძიმესი ფაქტი. ერთი რამ უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ერთი წამითაც რომ დავუშვათ, რომ ესეთი რამ მართლა განხორციელებულიყო, ეს იქნებოდა უმძიმესი შედეგის მატარებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ეს დრო გავიარეთ, საქართველოში რევოლუციების, გადატრიალებების და მსგავსი ძალადობრივი მეთოდებით მოქმედება, ეს ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. ვინაიდან, სამწუხაროა, რომ ასეთის მცდელობას ჰქონდა ადგილი, სახელმწიფო არის ვალდებული მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს. იმიტომ რომ ბუმერანგივით, შემდგომ, ჩვენ ქვეყანას და საზოგადოებას უკან არ დაუბრუნდეს“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა სარგებლობდეს რაიმე სახის პრიორიტეტებით.
„პროკურატურას ჰქონდა მასალა, მტკიცებულებები. მე განვმეორდები, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლიან ქვეყანაში, ამიტომ აუცილებელია, რომ არც ერთი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, გინდა მმართველი ძალის წარმომადგენელი, გინდა ოპოზიციის წარმომადგენელი, თუ არსებობს კითხვები საგამოძიებო უწყებებიდან, არც ერთ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს რაღაცა სახით პრიორიტეტი“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
დეპუტატები, ცოტა ხანში, ბიუროს სხდომაზე შეკრებას დაიწყებენ, სადაც წარდგენილი იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ 15 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს.