ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელმაც საპატიმრო დღეს დატოვა პარლამენტის უკან შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე მივიდა. იურისტი აცხადებს, რომ დღეს ნიკა მელიას წინააღმდეგ არ არსებობს სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლები და დღეს ხელისუფლება საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს.
„ამ პროცესებს არავითარი კავშირი სამართალთან არ აქვს. პროკურატურა, რომ არის წარმოდგენილი, ეს არის კორუმპირებული სისტემა, რომელიც მუშაობს პირდაპირი დავალებებით. და ეს არის ის ხალხი რომელიც ხვალ სახვა ხელისუფლების დავალებებს შეასრულებს. ეს უნდა დასრულდეს. ნიკა მელიას მიმართ რაც ხდება ეს არის, აი როგორც მიხეილ ჯავახიშვილის მწერალთა კავშირიდან რომ გარიცხეს, როგორც პავლო იაშვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ეს პროცესები ეს არის რუსული გზა. ეს ახალგაზრდა დეპუტატები, რომ არიან ოხანაშვილი, მდინარაძე, ესენი მოქმედებენ საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებით. მათ პატრიოტიზმთან არავითარი კავშირი არ აქვს. მთავარი რაც დღეს ხდება, დღეს სურთ გახარიას დანაშაული, გახარიას ბოლოტმოქმედება და ეს რუსული კვალი გადაფარონ ნიკას დაკავებით მაგრამ ვერ ეღირსებიან,“-განაცხადა ბექა ბასილაიამ.
აქცია პარლამენტთან რამდენიმე საათია მიმდინარეობს. შეკრებილები სესიის დაწყებას ელოდებიან, სადაც ნიკა მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს კენჭი უნდა უყარონ.