„პირადად ჩემთვის, როგორც კოლეგის, ნიკა მელიას პატივისცემა დამთავრდა იმ წუთას, როდესაც მან ხელის ერთი დაქნევით წაიყვანა შეიარაღებულ სპეცრაზმზე ის ახალგაზრდები,“- ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტას კენჭს უყრიან.
აკაკი ზოიძე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს და ამბობს, რომ სპეცრაზმისგან დაბრმავებული ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობა სწორედ ოპოზიციას ეკისრება.
„მელიას განათლების ადამიანს, უშიშროების აკადემიაში რასაც ასწავლიან, ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას, მაგრამ ძალაუფლების დაუოკებელი ჟინით შეპყრობილი მისი პატრონი, რომელიც ბრძანებებს იძლეოდა იქიდან და ის პოლიტიკური ძალა,რომელსაც ის წარმოადგენს არას დაგიდევდა არც გვამებს, არც დასახიჩრებას ახალგაზრდების, არც გამოთხრილ თვალებს ახალგაზრდების, ეს იყო ის მიზეზი, რატომაც ეს მოხდა. ამიტომაც ბატონო ნიკა, მე ფართოდგახელილი თვალებით გაგისწორებთ მზერას. მაგრამ მზერას ვერ გავუსწორებ, ხუთი დღის წინ ვერ გავუსწორე მზერა, ვერც მომავალში გავუსწორებ მზერას მაკო გომურს , მიუხედავად იმისა, რომ ცალი თვალი აქვს მარტო.
იმიტომ რომ პირადად ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ რომ აქ გავრილოვი იჯდა, თქვე მართლა შავ ჭირს ვერ ამოგაშლევინეთ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან კვალი.
ნუ გვაცოდებთ თავს, თქვენ დაგვიჭერდით, დაგვხრიტავდით, ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მთელი 9 წელი აწამებდით ქვეყანას, პასუხი უნდა აგოთ,“- განაცხადა ზოიძემ.