14 ოქტომბერი 2019,   04:00
ვრცლად
"პარლამენტმა შეირცხვინა თავი" - ალექსანდრე ბარამიძე

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ალექსანდრე ბარამიძე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას, ქართული პარლამენტის ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილებას უწოდებს.

ალექსანდრე ბარამიძემ განცხადება, პარლამენტის შენობის წინ გააკეთა, სადაც ამ წუთებში, ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს.

„პარლამენტმა, თავის კოლეგას, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, მოუხსნა იმუნიტეტი. ეს არის შელახვა იმისა, რასაც ჰქვია პარლამენტარიზმი. სადეპუტატო იმუნიტეტი ეს არის კაცობრიობის პარლამენტარიზმის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა,“ - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

ბარამიძის თქმით, პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა წარმოდგენილი, არა მარტო ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, არამედ იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რისთვისაც საგამოძიებო უწყება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას ითხოვდა. 

„ფაქტიურად, მისცა რა თანხმობა პროკურატურას, სრულიად უსაფუძვლო მოთხოვნაზე, რომ მოეხსნათ იმუნიტეტი, პარლამენტმა შეირცხვინა თავი. იმ ხალხმა, ვინც ამას მხარი დაუჭრა, უბრალოდ შეირცხვინეს თავი, მათ უბრალოდ გადახაზეს თავიანთი პოლიტიკური მომავალი“ - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძე

 

 

დღის ამბები