20 აპრილი 2024,   02:46
ვრცლად
სასჯელი მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე უარის გამო - რომან კაკულია და მარიამ ჯაში შესაძლოა, "ოცნებიდან" გარიცხონ

რომან კაკულია და მარიამ ჯაში - უმრავლესობიდან მხოლოდ ამ ორმა კანონმდებელმა არ დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თვლის, რომ შესაძლებელი იყო ალტერნატიული გადაწყვეტილებას მიღება. რაც შეეხება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელს - რომან კაკულია მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები მელიას წინააღმდეგ უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. მოუწევთ თუ არა უმრავლესობის წევრებს საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ წასვლის გამო პასუხისგება, მმართველი გუნდი მომხდარის მიზეზების განხილვას აპირებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია კაკულიას მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ - თუმცა დეპუტატი ამ ფაქტს არ ადასტურებს. გუნდის გადაწყვეტილების შემთხვევაში, ის ამ ნაბიჯისთვის მზად არის.

"მესმის, რომ პარლამენტი ვერ ჩაანაცვლებს სასამართლოს და მტკიცებულებების განხილვა იქ ვერ იქნება, მაგრამ მე შევეცადე, რომ სხვა კუთხით დამენახა ეს რომ უფრო მაღალი სტანდარტი იყოს სამომავლოდ ზოგადად დეპუტატის იმუნიტეტთან დაკავშირებით იმიტომ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატი სხვა მოცემულობაა აბსოლუტურად,"-განაცხადა რომან კაკულიამ.

კითხვაზე, ტოვებს თუ არა ის უმრავლესობას, კაკულია პასუხობს:

"მე ესეთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, ამაზე საუბარი არ ყოფილა ჩემთან. მე არაფერს არ ვაპირებ, თუ გუნდისთვის ეს იქნება ამ ხარისხის პრობლემა, მე პრობლემას არ შევუქმნი არავის და როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას ღებულობ, ბუნებრივია მზად უნდა იყო ყველაფრისთვის,"-აცხადებს რომან კაკულია.

"სრული სურათის დანახვის საშუალება არ გვქონდა. თუკი წარმოდგენილი იქნება დამატებითი სრული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს საფუძვლებს, რომ მოხსნილიყო იმუნიტეტი, მე მხოლოდ პატივისცემას დავუდასტურებ შესაბამის ინსტიტუციებს,"-აცხადებს მარიამ ჯაში.

დღის ამბები