ნიკა მელიას სისხლის სამართლის საქმეში სამართალდამცველების ჩვენებები დევს. მოწმე პოლიციელთა უმრავლესობა, კახეთის პოლიციის თანამშრომლები არიან.
მელიას ადვოკატი ამბობს, რომ ჯგუფური ძალადობის საქმეზე გამოკითხული ათეულობით პოლიციელიდან ნიკა მელიას რამდენიმე ახსენებს. ისინი ძირითადად კახეთის სხვადასხვა რაიონის პოლიციის თანამშრომლები არიან. არის კიდევ ერთი საინტერესო გარემოება. ადვოკატის ცნობით, მელიას წინააღმდეგ ბრალდების ერთი მოწმე პოლიციელი მანამდე ჩვენებას ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის წინააღდეგ აძლევდა. ის ალექსი ბუიშვილია.
კახეთის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა განყოფილების უფროსი საკუთარ ჩვენებაში წერს:
„პარლამენტის დეპუტატთაგან ერთ-ერთი იყო ნიკა მელია, რომელიც სხვებისგან განსხვავებით უფრო მეტად აქტიურობდა, კერძოდ მისი აქტიურობა გამოიხატებოდა იმაში, რომ მიკროფონის მეშვეობით აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა ძალმომრეობითი საშუალებით გაერღვიათ პოლიციის კორდონი, რომელიც იცავდა წინა მხრიდან პარლამენტის ეზოს შესასვლელს."
საქმეში დევს საგარეჯოს პოლიციის დეტექტივ-გამომძიებლის ჩვენება. 20 ივნისს თბილისში ისიც კახეთი პოლიციის დეპარტამენტის ბრძანებით ჩამოიყვანეს. ირაკლი შაიშმელაშვილი ჩვენებაში წერს, რომ ადგილზე მყოფი პოლიტიკოსებიდან ვინც იცნო ერთ-ერთი ნიკა მელია იყო.
„22:30 წუთზე ნიკა მელია მიკროფონის საშუალებით, იქ შეკრებილ ხალხს, მათ შორის ახალგაზრდებს მოუწოდა გადასულიყო წინა რიგებში და ძალისმიერად შესულიყო პარლამენტში, მან ხალხს უთხრა ძალისმიერი სიტყვები: ხალხო, რატომ უნდა ვიდგეთ პარლამენტის წინ, ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ პარლამენტის შიგნით,“- წერს მოწმე.
საგარეჯოს პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დავითი ბარამაშვილი კი ჩვენებაში წერს:
"ნიკა მელიამ აიღო მიკროფონი ხელში და შეკრებილ ხალხს მოუწოდა რომ ისინი უნდა შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში ყველანაირი გზით."
ზოგიერთი პოლიციელი უბრალოდ პრივატული საუბრისას მოსმენილ ინფორმაციას წერს. ასეთია ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი დეტექტივის ნიკა დემეტრაშვილის ჩვენება. ირკვევა, რომ 20 ივნისს რუსთაველზე, ისიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ნიკა მელიას საუბარი პარლამენტის გვერდით ჭიჭინაძის ქუჩის ჩასასვლელთან გაიგონა.
„ვიდექით პარლამენტის შენობის მარჯვენა მხარეს, როდესაც გავიგონე ნიკა მელიას მოწოდება, უნდა შევიდეთ პარლამენტში, მეორე ვარდების რევოლუცია უნდა მოვაწყოთ. მიკროფონში ძალიან მოზომილი იყო, მაგრამ მიკროფონს მიღმა არაერთხელ მოუწოდა აქციის მონაწილეებს ძალადობრივი გზით პარლამენტის შენობაში შესვლისკენ,“- წერს პოლიციელი ჩვენებაში.
პროკურატურას ნიკა მელიას წინააღმდეგ პოლიციელების გარდა კოკა ყანდიაშვილის თანამშრომლების ჩვენებებიც აქვს. ადვოკატ კონდახაშვილის ინფორმაციით, სააგენტო ეს პერსონას ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ საგამოძიებო უწყებას დაკითხვის თხოვნით თავად მიმართა.
„მათ თავიანთ თათბირზე გადაიფიქრეს ერთსაათიანი ვადის მიცემა და მელიამ თქვა 10 წუთში შევიდეთო, მეორე ვარდების რევოლუცია მოვაწყოთო, რასაც ასევე დაეთანხმა უგულავა და ვაშაძე. ნაწილი შევვარდეთ შიგნით, მეორე ნაწილი გარეთ დარჩებაო.
მე ამ დროს მივიწიე და მელიას ვუთხარი, ნაწილში ვის გულისხმობთ-მეთქი, რაზეც მან პასუხია არ გამცა და მითხრა, მე უკვე ვთქვი მიკროფონში რაც სათქმელია და ყველაფერი გასაგებიაო, ის მიკროფონში და მიკროფონის გარეთაც იძახდა, უნდა შევიდეთ პარლამენტში, მეორე ვარდების რევოლუცია მოვაწყოთო, თუმცა მიკროფონში გაცილებით მოზომილი იყო. ხოლო მიკროფონს მიღმა მან არაერთხელ მოუწოდა აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით პარლამენტში შესვლისკენ,“-წერს პროკურატურის მოწმე.