24 აპრილი 2024,   00:25
ვრცლად
ნიკა მელიას ადვოკატმა 5 დღის ვადაში 10 ათას ლარიანი გირაოსა და ალტერნატივად სხვა შეზღუდვების დაწესება მოითხოვა

ნიკა მელიას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 დღის ვადაში გადახდით, 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. გარდა ამისა გიორგი კონდახაშვილმა დააყენა შუამდგომლობა ალტერნატივის სახით სხვა შეზღუდვების დაწესებაზეც, მათ შორის დეპუტატების თავმდებობასა და აუცილებლობის შემთხვევაში, პასპორტის ჩამორთმევაზე.

პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღისინძიებად პატიმრობას შეფარდების შუამდგომლობას აყენებს.

სასამართლო პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართა ნიკა მელიამ. მან მოსამართლე თემურ გოგოხიას განუცხადა, რომ ის არის კლანის წევრი და ნებისმიერ შემთხვევაში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნება. 

მოსამართლეს მიმართა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმაც. მისი თქმით მან განცხადება ადამიანური ემოციიდან გამომდინარე გააკეთა. როგორც კონდახაშვილმა აღნიშნა დღევანდელი გადაწყვეტილება რომელსაც მოსამართლე მიიღებს განსაზღვრავს ხვალინდელ დღეს. ადვოკატის თქმით ნიკა მელიას წინააღმდეგ ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

„დღეს ამ დარბაზში მიმდინარე პროცესი არაფერია იმ მიზანთან შედარებით, რისთვისაც ახალგაზრდები იბრძვიან. მაშინ როდესაც ჩვენ აქ არარსებულ დანაშაულზე ვსაუბრობთ და პოლიტიკური ანგარიშსწორების კლასიკურ საქმეს განვიხილავთ, ჩვენი პატარა შვილები ქუჩაში დგანან და ქვეყნის მომავალს ჩვენს ნაცვლად წერენ. მათ მთელ მსოფლიოს გააგონეს ხმა, რომ არასოდეს, დიახ არასოდეს შეეგუებიან თავისუფლების დაკარგვას და ოკუპაციას,“-განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ადვოკატის თქმით ახლა მოსამართლე უნდა დადგეს პოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა და გადაწყვეტილება ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიღოს.

„იცით, რომ ნიკანორ მელია არც გამოძიებას მიემალება, არც მოწმეებზე მოახდენს ზემოქმედებას და არც დანაშაულებრივ ქმედებას ჩაიდენს. თქვენ კარგად იცით, რომ ნიკანორ მელია 7 წელია ბრალდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და არასოდეს შეუშლია ხელი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის, ამდენი წლის განმავლობაში არცერთი სასამართლო სხდომა არ გაუცდენია, არასოდეს უცდია მიმალვა,“-განაცხადა კონდახაშვილმა.

მან ბრალდების მხარესაც მიმართა.

„რატომ თვლით, რომ ამ სასამართლოს წინაშე მხოლოდ ჰიპოთეთურად მიუთითებთ საფრთხეებზე და ეს საკმარისია, მაინც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, რაც თქვენ გსურთ. რატომ აკნინებთ ასე დემონსტრაციულად სასამართლოს როლს და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას. რატომ უკარგავთ ასე აშკარად აზრს ნებისმიერ სასამართლო პროცესს? რატომ აგდებთ უხერხულ მგომარეობაში იმ მოსამართლეს, რომელიც გისმენთ და ძალიან კარგად ხვდება, რომ თქვენი არგუმენტები, მხოლოდ ჰიპოტეტური ვარაუდებია, რომელიც არანაირი ფაქტით ან არგუმენტით არაა გამყარებული.

პატივცემულო მოსამართლევ, ჩემთვის არაა ადვილი მოსასმენი ბრალმდებელი, რომელსაც შეთავსებული აქვს მოსამართლის ფუნქცია, რომელსაც მიაჩნია, რომ მხოლოდ ვარაუდებს წარმოგიდგენთ და თქვენ მაინც დაუკმაყოფილებთ მოთხოვნას. დიახ არაა ადვილი, რადგან მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ხაზი თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლოზე გადის, ისეთ სასამართლოზე, რომლის წინაშეც ვერცერთი პროკურორი ვერ გაბედავს ასეთი აბსურდული არგუმენტებით წარდგომას,“-განაცხადა ადვოკატმა. 

სასამართლო დარბაზიდან ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე. 

დღის ამბები