25 აპრილი 2024,   05:41
ვრცლად
„მე დარწმუნებული ვარ, ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში" - მარიამ ჯაში შესაძლოა, "ქართული ოცნებიდან" გარიცხონ

ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რომელმაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას ხმა არ მისცა. 

ჯაში ამბობს, რომ ის გადაწყვეტილებას დამატებითი კონსულტაციების შემთხვევაშიც არ შეიცვლიდა. მან განცხადება "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის ეზოში გააკეთა, სადაც ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით უმრავლესობის სხდომა იწყება. სხდომაზე სავარაუდოდ, სწორედ იმ დეპუტატების ბედი უნდა გადაწყდეს, რომლებმაც მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს და გუნდის წინააღმდეგ წავიდნენ.

„მე დარწმუნებული ვარ, ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ვწუხვარ, თუკი უხერხულობა შევუქმენი ჩემს კოლეგებს, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი, არც შევცვლიდი, თუნდაც ყოფილიყო დამატებითი კონსულტაციები.

"მე ვფიქრობ, დგება  საკითხები, სადაც განსხვავებული აზრი არსებობს. მე მიმაჩნია, რომ ჩემი გადაწყვეტილება იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით იყო მართებული და ეს არის ჩემთვის მთავარი,“-ამბობს მარიამ ჯაში.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი უმრავლესობის 91 დეპუტატმა დაუჭირა და კიდევ ერთმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ მან ხმა იმუნიტეტის მოხსნას მისცა, თუმცა პულტთან ხარვეზი დაფიქსირდა. 

თანაგუნდელების პოზიცია არ გაიზიარა საპარლამენტო უმრავლესობის ოთხმა წევრმა: მარიამ ჯაშმა, რომან კაკულიამ, ბიძინა გეგიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ. სწორედ ეს დეპუტატები შეიძლება გარიცხონ დღეს მმართველი გუნდიდან. ამ ოთხეულიდან  სხდომას მხოლოდ მარიამ ჯაში ესწრება. 

 

დღის ამბები