25 აპრილი 2024,   19:09
ვრცლად
20 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

20-21 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 46 წლის დავით გრიგორიანი მკურნალობას ალადაშვილის კლინიკიდან გადაყვანის შემდეგ რეგიონულ ჰოსპიტალში განაგრძობს.

მის გარდა, რეგიონულ ჰოსპიტალში ნეიროქირურგიული ოპერაცია კიდევ ერთ პაციენტს ჩაუტარდა, რომლის მდგომარეობაც გაუმჯობესებულია.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის 20-21 ივნისის ღამეს დაშავებული 6 პაციენტი მკურნალობას ორ კლინიკაში განაგრძობს. მათი უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამი პაციენტი მკურნალობას "ნიუ ჰოსპიტალში" გადის, დანარჩენი კი - რეგიონულ ჰოსპიტალში.

„რაც შეეხება ალადაშვილიდან გადმოყვანილ ორ პაციენტს, რომელთაგან ერთ-ერთთან ჩატარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია, ეს პაციენტი, 35 წლამდე მამაკაცი მოხსნილია აპარატიდან, არის კონტაქტური და ამ პაციენტთან იგეგმება, როდესაც უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მოგვცემს, რეაბილიტაცია უკვე საზღვარგარეთ. რაც შეეხება, მეორე პაციენტს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, არის გაუმჯობესება,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ავთანდილ თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ ხდება პაციენტების სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვება. მისი თქმით, ორი სამართალდამცველი მკურნალობას თურქეთში გადის, რომელთაგან ერთ-ერთს ორშაბათს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.

თალაკვაძის განცხადებითვე, კიდევ იგეგმება ორი პაციენტის გაშვება საზღვარგარეთ - გერმანიასა და ისრაელში.

ავთანდილ თალაკვაძემ ასევე ისაუბრა იმ პაციენტზე, რომელიც ახლა მართვით სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და მისი იდენტიფიცირება კლინიკებში შეყვანის შემდეგ დაგვიანდა.

საუბარია 46 წლის დავით გრიგორიანზე, რომლის შესახებაც სამი დღის განმავლობაში ოჯახს ინფორმაცია არ ჰქონდა და უშედეგოდ ეძებდა. „კურიერის“ ინფორმაციით, მას ტყვია თავის არეში აქვს მიყენებული და მეათე დღეა, მძიმე კომატოზურ ვითარებაში იმყოფება.

მისი თქმით, იდენტიფიცირების შემდეგ, ოჯახს ეცნობა და მათ შესაძლებლობა აქვთ დარბევის დროს დაშავებულის მონახულების.

დღის ამბები