19 აპრილი 2024,   16:04
ვრცლად
"გამაკვირვა მათმა სიმშვიდემ და სიძლიერემ" - ექიმები, რომლებმაც სისხლიან ღამეს დაშავებულები გადაარჩინეს

20 ივნისის სისხლიანი ღამის შედეგებს ის ექიმები იხსენებენ, რომლებიც ცდილობდნენ, რომ სპეცრაზმელების მიერ სახეში ნასროლი ტყვიით დაშავებული პაციენტები გადაერჩინათ. სისხლიანი ღამის შემდეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

პაციენტებისთვის, რომლებსაც სპეცრაზმელების მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები თვალსა და თავში მოხვდა, ექიმები დღეების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ თვალი შეენარჩუნებინათ.

ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მასხარაშვილი სისხლიანი ღამის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ საავადმყოფოში მორიგე არ იყო, თუმცა სიტუაციის გართულების შემდეგ მივიდა.

„მართლა გამაკვირვა მათმა სიმშვიდემ და სიძლიერემ, აბსოლუტურად ყოველგვარი პანიკის, ზედმეტი ემოციის გარეშე შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ვუთხარით, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდით, შეძლებისდაგვარად, რომ თვალის კაკალი შეგვენარჩუნებინა, სამწუხაროდ, მხედველობაზე თავიდანვე არ ყოფილა საუბარი იმ სახის დაზიანება იყო და ისინიც სავსებით გაგებით შეხვდნენ ამას, რომ თუ ვერ შევძლებდით თვალის კაკლის შენარჩუნებას, მოხდებოდა მათი ამოღება,“ - განაცხადა მასხარაშვილმა.

„ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმი ოფთალმოლოგი, მარიამ გოლოვაჩოვა იხსენებს, რომ ძალიან რთული სიტუაცია იყო.

„რაოდენობა იყო დიდი და იყო ძალიან რთული სიტუაცია, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. ჩვენს დასახმარებლად მოდიოდნენ ჩვენივე კოლეგები, ვინც არ იყვნენ მორიგეები. ძირითადად შემოდიოდნენ პაციენტები სახისა და თავის მიდამოს ჭრილობებით, ეს იყო, უმეტესწილად, ოფთალმოლოგიური და ყბა-სახის ქირურგის სამუშაო,“ - ამბობს გოლოვაჩოვა.

24 წლის მსახიობს, დემეტრე ნაყოფიას, რომელსაც სპეცრაზმელის მიერ ნასროლმა ტყვიამ თვალი დაუზიანა, რეგიონული ჰოსპიტალის ოფთალმოლოგი, რევაზ ომიაძე მკურნალობდა. ომიაძე ამბობს, რომ მის სამუშაო გამოცდილებაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული შემთხვევა იყო, როდესაც ასე დაზიანებული თვალი იხილა.

„იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული დაზიანება, რაც კი მე მინახავს ჩემი კარიერის განმავლობაში, საბედნიეროდ, მეც და პაციენტს გაგვიმართლა, რომ შევძელით თვალის მთლიანობის აღდგენა,“ - განაცხადა რევაზ ომიაძემ.

 

ავტორი: ნანუკა ჟორჟოლიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები