20 აპრილი 2024,   01:43
ვრცლად
20 ოპოზიციური პარტია პროპორციულ სისტემაზე დიალოგზე მზად არის, თუმცა საკუთარი პირობებით

20 ოპოზიციური პარტია პროპორციულ სისტემაზე დიალოგზე მზად არის, თუმცა საკუთარი პირობებით. განცხადება ახალი მემარჯვენეების ლიდერმა ოპოზიციური სპექტრის სახელით გააკეთა. როგორც ცნობილია "ქართული ოცნება" პრეზენტაციისთვის ემზადება. 

ოპოზიცია ითხოვს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივასთან ერთად დარეგისტრირდეს ის ცვლილებები, რომელიც პროპორციულ არჩევნებს ითვალისწინებს და რომელზეც ხელმოწერები ოპოზიციამ მთელი საქართველოს მასშტაბით შეაგროვა.

„ევროპული საქართველო" წინასწარ ვაცხადებთ, რომ ამ კონსტიტუციურ ცვლილებას ჩვენ დავუჭერთ მხარს, იმიტომ რომ ეს არის სწორედ აქციების მონაპოვარი. ჩვენ გვაქვს ერთსულოვნება ყველა ოპოზიციურ პარტიას და ეს ერთსულოვნება ეფუძნება შემდეგ რამეს. პირველი და მთავარი, რომ არანაირი ხრიკებით, არანაირი მანიპულაციებით არ მივცეთ "ქართულ ოცნებას," გადაბრალების ან რაიმე მანიპულაციის საშუალება იმისათვის, რომ ის მონაპოვარი, რაც ჩვენ მოვიპოვეთ ერთობლივი ბრძოლით მათ უკან წაიღონ და ხელახლა კიდევ მოატყუონ საზოგადოება,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

განცხადება საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა, თინა ბოკუჩავამ. 

„20-მა პოლიტიკურმა პარტიამ და მოძრაობამ, ერთობლივად შევიტანეთ პარლამენტში 300 ათასამდე ჩვენი მოქალაქის ხელმოწერა იმისთვის, რომ მიგვეღწია სწორედ ამისთვის, რომ გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე და მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს აღნიშული ინიციატივა იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ამ ინიციატივის ასევე განხილვა მათ ინიციატივასთან ერთად. აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიაში, ისევე როგორც საჯარო საყოველთაო განხილვებში, იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი გავაფორმოთ, ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე და შევძლოთ რომ ჩვენს ქვეყანაში შემდეგი არჩევნები ჩატარდეს სრული პროპორციული სისტემით, თუმცა ამ კომისიის შექმნამდე, ასეთი ტიპის მოლაპარაკებებზე ასეთი ტიპის დიალოგზე, იმ პოლიტიკური ჯგუფის მიერ მოწვეულზე, რომელიც ხელს აფარებს ჯალათ გიორგი გახარიას, ჩვენ არ ვაპირებთ,“ - განაცხადა სალომე ბოკუჩავამ.

ოპოზიცის ითხოვს, პარლამენტში დარეგისტრირდეს ის ცვლილებები, რომელზეც ხელმოწერები ოპოზიციამ მთელი საქართველოს მასშტაბით შეაგროვა. 

„ვთავაზობთ ხელისუფლებას საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატში, ჯერ დაარეგისტრიროს ორივე კანონპროექტი, ორივეს ერთად მისცეს მსვლელობა და დავიწყოთ დისკუსია. ეს მონაპოვარი თავისთავად, რასაც უკვე გვთავაზობს ქართული ოცნება არის საზოგადოების მონაპოვარი და კარგია, მაგრამ ჩვენ კიდევ შეგვიძლია უფრო მაღალ დონეზე ავიდეთ ურთიერთობის და ანგარიშვალდებულების,“ - განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, თამარ კორძაიამ.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, ამბობს რომ პრეზენტაციებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, თუმცა მას შემდეგ რაც შეიქმნება საპარლამენტო კომისია, მუშაობაში ჩაერთვებიან.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზენტაციას დაესწრება "ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე, თუმცა იგი ამბობს, უფრო საქმიანი შეხვედრის ფორმატით არის დაინტერესებული.

„ჩვენ ბლოკი არ გვჭირდება ბარიერის გადასალახად, ჩვენ გვჭირდება ბლოკი კონსოლიდირებული ძალისხმევის სადემონსტრაციოდ, ის რაც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ჩემი აზრით, ეს ყველაზე მეტად აშინებს ხელისუფლებას. თანამშრომლობისთვის და შეთანხმებისთვის პრეზენტაცია საუკეთესო საშუალება არ არის, თუმცა პრობლემა არ არის არც პრეზენტაციაზე მისვლა. მე უფრო საქმიანი შეხვედრა მაინტერესებს და დაველოდები საქმიანი შედეგის ფორმატს“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

 

 

 

 

 

დღის ამბები