18 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
ამბოხება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდების მიზნით - პროკურატურა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს კვალიფიკაციას აძლევს

საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში - საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოკა კაციტაძე აცხადებს, რომ  20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ მტკიცებულებებისა და ჩვენებების საფუძველზე დაადგინა, რომ აღნიშნულ ღამეს, იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით ხელში ჩაგდება, ამბოხება და პარლამენტზე იერიშის მიტანა. გარდა ამისა, კაციტაძე აღნიშნავს, რომ გარკვეულ ძალებს დაგეგმილი ჰქონდათ ქვეყანაში არეულობის გამოწვევა. 

კაციტაძის თქმით, ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდების მიზნით.

„ინტენსიურად გრძელდება გამოძიება პარლამენტის წინ 20-21 ივნისის მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე. ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების და ათეულობით მოწმის ჩვენებების საფუძველზე საგამოძიებო უწყება მივიდა დასკვნამდე, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა და ხელში ჩაგდება.

"ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც განეიტრალებულ იქნა საქართველოს სამართალდამცავი ძალების უშუალო ძალისხმევით.  შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შსს-ში გამოძიება გაგრძელდება სისხლის სამართლის 225-ე და 315 მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს, ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. უახლოეს მომავალში გაიზრდება ბრალდებულთა რიცხვი, რის შესახებაც საზოგადოება პერიოდულად იქნება ინფორმირებული," - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მათ მოახერხეს აღნიშნული მცდელობის განეიტრალება და გამოძიების ფარგლებში შესაბამისი მასალების შესწავლა ამ დრომდე გრძელდება.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება გრძელდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზეც. გამოძიების პროცესში დაიკითხნენ მოწმეები, მედიის წარმომადგენლები და საგამოძიებო უწყებამ მტკიცებულებების სახით გამოითხოვა ტელევიზიაში გასული კადრებიც.

საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ გამოძიება მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება, რისთვისაც სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანზაციებთან თანამშრომლობს.

"საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს გენერალური პროკურატურა უკვე მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. ამ მიზნით, მათ უკვე ეთხოვათ, საგამოძიებო უწყებას წარუდგინონ მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. გამოძიება დეტალურად სწავლობს ცალკეულ ეპიზოდებს, სადაც იკვეთება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ნიშნები. საქმეზე ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება," - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
დღის ამბები