25 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
პოლიცია იყო იძულებული, მოგერიების რეჟიმში ჩამდგარიყო და გამოეყენებინა ადეკვატური, პროპორციული ძალა - დავით მათიკაშვილი

20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პროკურატურის  მიერ დაწყებულ გამოძიებას, მმართველი გუნდი ეხმაურება. 

პროკურატურამ დღეს სიტყვა სიტყვით გაიმეორა მმართველი გუნდის შეფასების ის ნაწილი, რისთვისაც სისხლიანი 20 ივნისის ავტორს, ხელისუფლება პოსტიდან გაშვების ნაცვლად, მადლობას უხდის. 

საგამოძიებო უწყება, უკვე მტკიცებით ფორმაში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ალაპარაკდა.

„ქართული ოცნების“ წევრები კი აცხადებენ, რომ ქვეყანამ პირდაპირ ეთერში იხილა, თუ როგორ ცდილობდა ოპოზიცია, სახელმწიფო გადატრიალებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, 20 ივნისს, აშკარად იკვეთებოდა საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის მცდელობა, რომელიც პოლიციამ აღკვეთა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ედგა თუ არა მოვლენებს უკან რომელიმე ორგანიზაცია.

გიორგი ვოლსკი-ის სურათის შედეგი

“პარლამენტში შემოჭრის მცდელობა ჩვენ თვალწინ მიმდინარეობდა. ეს ყველამ დავინახეთ და ამის უარყოფა არა თუ ძნელია, შეუძლებელია. ჩვენ პირიქითაც რომ ვილაპარაკოთ, ეს ფაქტია, რომელიც მთელმა მსოფლიომ იხილა. დაძალებით ხდებოდა, რამდენად ორგანიზებული იყო, ვინ ედგა ამ ორგანიზაციას სათავეში, რასაკვირველია, ეს გამოძიების კომპეტენციაა“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

20 ივნისის აქციაზე, პოლიციის მხრიდან ადეკვატური პროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი.

დავით მათიკაშვილი-ის სურათის შედეგი

„ეს ყველაფერი დაიწყო პარლამენტის შტურმით, ძალადობრივი აქციით, სადაც პოლიცია იყო იძულებული, შესაბამისად, მოგერიების რეჟიმში ჩამდგარიყო  და გამოეყენებინა ადეკვატური პროპორციული ძალა. ეს იყო პარლამენტის, კონსტიტუციური ორგანოს შტურმი და ამ შტურმს წინ უძღოდა გარკვეული პროცესები“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიების ფარგლებში, უწყებამ მტკიცებულებებისა და ჩვენებების საფუძველზე დაადგინა, რომ აღნიშნულ ღამეს, იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით ხელში ჩაგდება და პარლამენტზე იერიშის მიტანა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ გარკვეულ ძალებს დაგეგმილი ჰქონდათ ქვეყანაში არეულობის გამოწვევა.

ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდების მიზნით.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები