20 აპრილი 2024,   01:34
ვრცლად
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეზღუდვა - ოპოზიციური პარტიები კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებაზე საუბრობენ

ხელისუფლება აგონიაშია და მასშტაბური რეპრესიებისთვის ემზადება. ასე აფასებს ოპოზიცია ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეზღუდვას. პოლიტიკოსები თვლიან, რომ სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ნიკა მელიას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო გამოსვლის უფლება შეუზღუდა და მის გადაადგილებაზე კონტროლის უფლება პროკურატურას მისცა.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ფიქრობენ, რომ სასამართლოს განჩინება ქვეყნის მთავარ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის და ამით საკონსტიტუციო სასამართლო უნდა დაინტერესდეს. გადაწყვეტილებას 17 ოპოზიციური პარტია ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა.

საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის, მესამე პუნქტით პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლების შექმნა კანონით ისჯება. ოპოზიცია ხელისუფლებას ამ ჩანაწერს ახსენებს. 

საკონსტიტუციო სარჩელს უკვე ამზადებს დაცვის მხარე. ადვოკატის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ გოგოხიამ განჩინება გამოტანა, პირდაპირ უზღუდავს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოვალეობების განხორციელების შესაძლებლობას. ეს კი კონსტიტუციასთან ერთად, პარლამენტის რეგლამენტსაც ეწინააღმდეგება.

სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე, რომლის ანალოგიც აქამდე არ ყოფილა.

სარჩელთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება კონსტიტუციონალისტებთან, დაზუსტდება მისი შინაარსი და მოთხოვნები და მომავალ კვირას წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს. 

დღის ამბები