აფეთქება აბაშვილი ქუჩაზე - ძლიერი აფეთქების ხმა პოლიციელების დასახლებაში მოსახლეობამ ღამის 12:00 საათზე გაიგო. ადგილობრივების ინფორმაციით, საღამოს საათებში საცხოვრებელი კორპუსის წინ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ათამდე ახალგაზრდა ჩხუბობდა. სიტყვიერი დაპირისპირების დროს კი მოულოდნელად ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რა დროსაც ტერიტორიაზე მყოფი ახალგაზრდებიდან 3 მძიმედ დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსის ფასადიც.
პირი, რომელმაც კორპუსის სადარბაზოში "რგდ"-ის სისტემის ხელყუმბარა ააფეთქა მიხეილ ჯირაშვილია. ის სამართალდამცველებმა 18 საათიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ დამნაშავემ ასაფეთქებელი მოწყობილობა კორპუსის მესამე სართულიდან გადააგდო. რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.
დაკავებული მიხეილ ჯირაშვილი შემთხვევის ადგილზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მას მეზობლებთან კონტაქტი არ ჰქონია, რის გამოც ფაქტის ამსახველ კადრებში ადგილობრივებს დამნაშავეს ამოცნობა გაუჭირდათ. სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოძიებას აქვს.
გამოძიება ახლა იმას სწავლობს, საიდან ფლობდა 40 წლამდე მამაკაცი ასაფეთქებელ მოწყობილობას და ფიგურირებენ თუ არა მძიმე დანაშაულში სხვა პირებიც. ადგილობრივების ინფორმაციით, მიხეილ ჯირაშვილი შემთხვევის ადგილზე საკუთარ ძმასთან ერთად იყო. არაერთი მცდელობის მიუხედავად დაკავებულის ოჯახი მედიასთან არ კონტაქტობს.
დაშავებულები ამ დრომდე ინგოროყვასა და ამტელის კლინიკებში რჩებიან. ახალგაზრდებს უკვე ჩაუტარდათ ოპერაცია.დაზარალებულები სამართალდამცველებმა საავადმყოფოში დაკითხეს.
დაკავებულს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.