24 აპრილი 2024,   01:34
ვრცლად
პოლიციამ 20 ივნისის ღამეს "ხინკლის სახლიდან" გამოსული პირებიც დააკავა - საია-მ სისხლიანი დარბევისას დაკავებულთა და დაშავებულთა საქმეები შეისწავლა  

არაპროპორციული ძალის გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ, აქციის დაშლა გაუფრთხილებლად და მიზანში ამოღებული ჟურნალისტები - ასეთია 20 ივნისის მოვლენებზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პირველადი შეფასება. „საია-მ“ 20-21 ივნისის მოვლენებზე ანგარიშის მომზადება დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციას აინტერესებს, დადგინდეს, ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება. „საია“ ასევე გეგმავს, შეისწავლოს სისხლიან ღამეს რა მეთოდებით მოქმედებდნენ სამართალდამცველები.

გარდა ამისა, ანგარიში დაეთმობა სასამართლოებში დაკავებულთა საქმეების განხილვას, სადაც ორგანიზაციის შეფასებით, ორმაგი სტანდარტი იკვეთება. ერთ-ერთი დაკავებულის, შალვა შიოშვილის ადვოკატი ყვება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 21 ივნისს გამთენიისას „ხინკლის სახლიდან“ გამოსული სამართალდამცველებმა ისე დააკავეს, რომ ვერც გაიგო, რას ედავებოდნენ მას და მის მეგობარს. ახალგაზრდები 20 ივნისს, ვიდრე პარლამენტის შენობის წინ ვითარება დაიძაბებოდა, რუსთაველის გამზირზე „ხინკლის სახლში“ შევიდნენ. გარეთ გამოსულებს კი ვითარება რადიკალურად შეცვლილი დახვდათ.

„10 ხინკლის გამო 1000 ლარის გადახდა მოუწია შალვას,“ - ამბობს ადვოკატი.

27 წლის შალვა შიოშვილი საბოლოოდ მოსამართლემ სამართალდამრღვევად მაინც ცნო და ათას ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ამდენივე დაეკისრა ალექსანდრე სელაპანოვსაც. პოლიციამ ისიც 21 ივნისს მომიტინგეთა დაშლის შემდეგ დააკავა.

20 ივნისის სისხლიან ღამეს მედიის 39 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ერთმა, „რუსთავი 2-ის“ დაცვის თანამშრომელმა თვალი ტყვიის მოხვედრის გამო დაკარგა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამ ფაქტებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან ერთად სწავლობს. სამოქალაქო სექტორში ვარაუდობენ, რომ მედიის წარმომადგენლებს გამიზნულად ესროდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები