„მთავარი მესიჯი ის არის, რომ საქართველო არაა მარტო,“ - ეს განცხადება, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა გააკეთა.
კლაუდია როთმა, რომელიც ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება თქვა, რომ საქართველო მარტო არ არის და მის ტერიტორიულ მთლიანობას ევროპა მხარს უჭერს. გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს ოკუპანტი უწოდა და გენოციდში დაადანაშაულა.
„მთავარი მესიჯი ის არის, რომ საქართველო მარტო არაა მარტო. როდესაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე ვიდექი ღობის წინ და ვუყურებდი რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურას, ვიგრძენი დეჟავიუ და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს მხარდასაჭერად. არ უნდა დაგვავიწყდეს რეალობა - საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია. ორი დღის წინ ვლადიმერ პუტინი საუბრობდა ისტორიაზე. მოდით, დავუბრუნდეთ მას - 1991 წელი იყო, როდესაც საზღვრები დადგინდა. მას უნდა ახსოვდეს ისტორია და არ უნდა სცადოს, თავად განსაზღვროს სიტუაცია, რაც ჩარევას ნიშნავს,“ - ამბობს კლაუდია როთი.
გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ მომიტინგეებმა ორი მოთხოვნის შესრულება შეძლეს.
„რაც შეეხება აქციებს, მათ ჰქონდათ თავისუფალი მოთხოვნები პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა. მეორე იყო ახალი საარჩევნო სისტემა, რაც ძალიან კარგია და იქნება 2020 წლისთვის. შემიძლია წარმოვიდგინო, რომ პარლამენტში მრავალფეროვანი პოლიტიკური ჯგუფები იქნება წარმოდგენილი. მესამე მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაა. ვიცი, რომ იმ ღამეს უამრავმა ადამიანმა მიიღო სერიოზული დაზიანება. ნათელია, რომ გამოძიება ტარდება და მისი შედეგიც სახეზე იქნება,“ - აცხადებს კლაუდია როთი.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და დემოკრატიის ნაკლებობაზე გაამახვილა ყურადღება, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორმა, პაატა გაფრინდაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი უნდა გაიზარდოს, რათა ახალგაზრდების საზღვარგარეთ გადინება შეწყდეს.
„ძალიან ბევრი ახალგაზრდა გადის, მაგალითად, გერმანიაში და საქართველო კარგავს საუკეთესო ტვინებს. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, ბუნებრივია, ქვეყანაში დემოკრატია უნდა განვითარდეს, ეკონომიკა უნდა განვითარდეს, უნდა იყოს მეტი განვითარება და არა ისეთი ტიპის უკუსვლები, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენ ვუყურებთ,“ - ამბობს გაფრინდაშვილი.