„დემონსტრაცია, რომელიც დაიწყო 20 ივნისს ეს არის თავისთავად ბუნებრივი გამოხატულება იმისა, რაც აწუხებს მოსახლეობას წლების განმავლობაში,“ - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ისაუბრა და აღნიშნულთან კონტექსტში, დედაქალაქში გამართულ აქციაზე გაამახვილა ყურადღება.
ზურაბიშვილის თქმით, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია იყო იმ ძირითადი პრობლემის გამოხატულებაა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს არის გაწბილება იმის გამო, რომ არ არსებობს არანაირი პოლიტიკური პროგრესი ტერიტორიული გამთლიანების გზაზე.
პრეზიდენტისვე თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე მთავარ თემად აღარ ფიგურირებს, თუმცა, ეს ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება.
„აგვისტოში ჩვენ აღვნიშნავთ უკვე მე-11 წლისთავს იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემები უკვე აღარ არის პირველი რიგის თემები საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ჩვენ ან დაგვავიწყდება ან როგორღაც გაქრება. დემონსტრაცია, რომელიც დაიწყო 20 ივნისს ეს არის თავისთავად ბუნებრივი გამოხატულება იმისა, რაც აწუხებს მოსახლეობას წლების განმავლობაში. ეს არის გაწბილება იმის გამო, რომ არ არსებობს არანაირი პოლიტიკური პროგრესი ტერიტორიული გამთლიანების გზაზე. საქართველო ელის უფრო მეტ მხარდაჭერას ამ საკითხში, როდესაც საქმე ოკუპაციას ეხება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის. შემობრუნების მომენტი როგორც საქართველოსთვის ასევე ევროკავშირისთვის. დადგა დრო ახალი კურსი დავიწყოთ ჩვენს ურთიერთობებში, ჩვენს პარტნიორობაში. მე მინდა მოგესალმოთ პირველ, რიგში, არა როგორც პროევროპული ერის, არამედ როგორც ევროპული ერის პრეზიდენტი. მას შემდეგ რაც 70-წლიანი საბჭოთა ბატონობის შემდეგ საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, გავიარეთ უამრავი ასე ვთქვათ შიდა თუ გარე ომები, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, მაგრა ჩვენ არ შეგვიწყვეტია დემოკრატიისაკენ სვლა, თუნდაც ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდების მანძილზე.
„ჩვენი ღირებულებები, კულტურა, ყველაფერი ევროპულია. ჩვენი პოლიტიკაც ევროპული გახლავთ, ჩვენი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს და ამოცანას. საქართველო გახდა გარკვეული გამონაკლისი, როგორც ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანა და ქომაგი ევროკავშირში გაწევრიანების,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.