19 აგვისტო 2019,   02:40
ვრცლად
„არ დაადასტურებს იმიტომ, რომ ეს არ არის თემა, რომელიც შეიძლება მსჯელობის საგნად იქცეს“- ვოლსკი ელჩების განცხადებაზე 

„არ დაადასტურებს იმიტომ, რომ ეს არ არის თემა, რომელიც შეიძლება მსჯელობის საგნად იქცეს“ - ასე გამოეხმაურა გია ვოლსკიმ ელჩების განცხადებებს, რომლებმაც არ დაადასტურეს, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს პარლამენტიდან გიორგი გახარიასთან ერთად აკვირდებოდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ დიპლომატები ამ თემაზე არ ისაუბრებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ელჩები უარყოფენ, გია ვოლსკის ეჭვი არ ეპარება, რომ გიორგი გახარიამ სიმართლე თქვა. მისივე თქმით, შს მინისტრი თუ ჩათვლის საჭიროდ ის თავად დაასახელებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვინაობას. თავად ვოლსკი აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს პირადად მას გერმანიის ელჩის გარდა პარლამენტში არავინ შეხვედრია.

„რახან გახარიამ დაასახელა, ვიცე-პრემიერმა თუ საჭიროდ თვლის თქვას კიდევაც. მე პირველ სართულზე ვიყავი. ესენი პოლიციის რაღაც გარკვეული ჯგუფი მესამე სართულზე იყო და ჩემი ოთახიდან ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი. ელჩებთან ასეთი პირდაპირი კონტაქტი არ მქონია. მაგრამ საელჩოს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ იქ. გერმანიის ელჩი კადრებში მეც ვნახე და პირისპირაც ველაპარაკე,“-განაცხადა გია ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ გუშინ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ პარლამენტში 20 ივნისის ღამეს მასთან ერთად ელჩები იმყოფებოდნენ, რომლებიც დარბევის პროცესს აკვირდებოდნენ. "კურიერმა" ეს ინფორმაცია, რამდენიმე ქვეყნის ელჩთან გადაამოწმა. მათ შორის არის ნიდერლანდების სამეფო, აშშ, საფრანგეთი, რუმინეთი, ესტონეთი და უკრაინა. მათგან ყველამ თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არ ყოფილან.

ამავე თემაზე
დღის ამბები