25 აპრილი 2024,   03:09
ვრცლად
„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში მიდის და გამოსავალს ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებაში ხედავს

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში მიდის. საქართველოს პარლამენტის წევრები გეგმავენ, რომ სთხოვონ რუს დეპუტატებს შეაჩერონ სანქციები, რომლითაც დუმა საქართველოს დასჯა ითხოვდა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, „პატრიოტთა ალიანსი“ დარწმუნებულია, რომ სანქციების ამოქმედება სულაც არაა გამორიცხული და ქვეყნის ეკონომიკის ხსნა მხოლოდ მათ შეუძლიათ. გიორგი ლომია გამოსავალს ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებაში ხედავს.

„პატრიოტთა ალიანსს“ მოსკოვში ჩასვლა დაანონსებული ჯერ კიდევ 20 ივნისამდე ჰქონდა, თუმცა სერგეი გავრილოვის ვიზიტმა და საქართველოდან მისმა გაძევებამ, პარტიის გეგმები შეცვალა. დეპუტატებმა უკვე წასვლამდე განაცხადეს, რომ არ აპირებენ, რუს კოლეგებს ვლადიმერ პუტინის ბრალდებებზე პასუხი მოსთხოვონ.

„პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთში ვიზიტით უკვე მეხუთედ ჩადის, თუმცა მათი აქტივობის შემდეგ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დღეს განცხადება გაავრცელა და მათთან შესახვედრად მზადყოფნა გამოთქვა.

იმას, რასაც „პატრიოტთა ალიანსის“ პრაგმატულ პოლიტიკას უწოდებს, ოპოზიცია მოღალატეობად აფასებს და დარწმუნებულები არია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებს და მოსკოვშიც მათი ნებართვით მიდის.

უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტს მოსკოვში შედეგი არ ექნება.

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში შეხვედრებს 2017 წლიდან მართავს. 15 ივლისს კი არ არის გამორიცხული იმ პირთა სია გაიზარდოს, ვისაც დელეგაციის წევრები შეხვდებიან, მათ შორის იქნება ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი და ფედერაციის საბჭოს წევრი კონსტანტინ კოსაჩოვი.

დღის ამბები