19 აგვისტო 2019,   02:38
ვრცლად
ისტორიული გალობა სამთავისის ტაძარში - ფალიაშვილის საგალობლები ვაშინგტონის მუსიკალურმა გუნდმა შეასრულა

ვაშინგტონის მუსიკალური გუნდი საქართველოში ჩამოვიდა, ქვეყანაში იმოგზაურა და 6 კონცერტიც ჩაატარა. მგალობელთა გუნდის „კაპიტოლიუმის“ წევრებმა ქართულ ენაზე ზაქარია ფალიაშვილის საგალობლები შეასრულეს.

შემსრულებელთა ნაწილი ამერიკელია, "კაპიტოლიუმის" წევრი - უცხოელი სტუმრები საქართველოში პირველად ქართულმა მუსიკამ ჩამოიყვანა.

120-კაციანმა მუსიკოსთა გუნდმა ქართული საგალობლები საკუთარი სურვილით შეისწავლა. 2 წლის წინ კი გადაწყვიტეს, რომ მათი მსმენელი, მხოლოდ ამერიკელები არ უნდა ყოფილიყვნენ და ქართული საგალობლების სამშობლოში შესრულების დრო იყო.

სამთავისის ტაძარში ამერიკელმა და ქართველმა მუსიკოსებმა ზაქარია ფალიაშვილის ლიტურგია, ძმებ კარბელაშვილების ორიგინალ საგალობლებთან ერთად შეასრულეს - ეს ისტორიული გალობა აღმოჩნდა.

სამთავისის ტაძარში, ტურის ბოლო კონცერტზე სტუმრებს აკომპანიმენტი ქართველმა მუსიკოსებმაც გაუწიეს, ტაძარში მისული მსმენელი კი ისტორიული გალობის მომსწრე გახდა.

ვაშინგტონიდან მგალობელთა გუნდის ეს ბოლო ქართული კონცერტი იყო. 9-დღიანი მუსიკალური ტური საქართველოში სიმბოლურად სამთავისში დასრულდა.

მასპინძლებმა „კაპიტოლიუმის“ წევრები სიმბოლურად საქართველოს ჰიმნით გააცილეს.

დღის ამბები