25 აპრილი 2024,   02:36
ვრცლად
უცხოელი დიპლომატები შს მინისტრის წინააღმდეგ - გახარიას განცხადებას ელჩები ერთმანეთის მიყოლებით უარყოფენ

„დილის 07:00 საათამდე დარჩენილი ჯგუფი უბრალოდ არევდა ქალაქს. მე ვიყავი აქ, უშუალოდ ვხედავდი, ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს, უშუალოდ ვხედავდი ზემოდან, მარტო კი არ ვიყავი, რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად, ზოგიერთი კიდევ, ამასაც გამოძიება დაადასტურებს, ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას,“ - გიორგი გახარიას ამ განცხადების გამო, საქართველო დიპლომატიურ სკანდალში აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა მინისტრი ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ ამტკიცებდა, რომ 20 ივნისს პარალამენტის შენობაში მასთან ერთად საქართველოში აკრედიტებული ელჩები იყვნენ.

ქვეყნის პირველი პოლიციელის განცხადება დიპლომატიური კორპუსისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ელჩებმა გიორგი გახარიას გავრცელებული ინფორმაცია ერთი მეორეს მიყოლებით უარყვეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას ელჩების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ნიდერლანდების ელჩმა „კურიერს“ უთხრა, რომ მისთვის რომც დაერეკათ, არ მივიდოდა ადგილზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი აქციის მონაწილეების დარბევის განკარგულებებს იძლეოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დილით უარყო ელჩების პარლამენტში ყოფნა, შემდეგ პოზიცია შეცვალა და დააკონკრეტა, რომ მათ არ იცოდნენ და შესაძლოა, სხვას მიეყვანა დიპლომატები.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ 20 ივნისს პარლამენტში გერმანიის ელჩი ნამდვილად დაინახეს. ამ განცხადებების შემდეგ საქართველოში გერმანის ელჩმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ არც გახარისათან და ხელისუფლების არც სხვა რომელიმე წარმომადგენელთან ერთად პასუხისმგებლობას სისხლიან ღამეზე ვერ აიღებს, რადგან არც ერთ გადაწყვტილებაში მონაწილეობა არ მიუღა. „კურიერის“ ინფორმაციით, დიპლომატმა პარლამენტის შენობა დარბევის დაწყებამდე დატოვა და არა დილის შვიდ საათზე, როგორც ამას გიორგი გახარია ამტკიცებს.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ გიორგი გახარიამ ქვეყანა დიდ სკანდალში გახვია, ელჩებს დააბრალა ის, რაშიც დიპლომატებს მონაწილეობა არ მიუღიათ და ამით სისხლიან ღამის მოწყობაზე პასუხისმგებლობის სხვებისთვის დაკისრება სცადა.

გარდა ამისა, გიორგი გახარიას განცხადებები შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს. პირველი პოლიციელი სავარაუდოდ, ვერც კი მიხვდა, რომ ტელეინტერვიუს დროს ვენის კონვენციის დარღვევა აღიარა. საუბარია იმ ნორმაზე, რომელიც ელჩებისა და დიპლომატების უსაფრთხოებას გულისხმობს.

დღის ამბები