20 აპრილი 2024,   09:10
ვრცლად
საეჭვო აქციზები - ზაზა ოქუაშვილი „კურიერს“ ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ უყვება

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი "კურიერს" იმ ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ უყვება, რომლითაც ხალხს კიდევ 60 მილიონი მოპარეს. „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ სქემის სათავეში ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც ქურდობას მწვანე შუქი აუნთო და მისი გარემოცვის წევრს, ვანო ჩხარტიშვილს დიდი ფულის გაკეთების საშუალება მისცა. ხალხს უთხრეს, რომ სიგარეტის გაძვირებით ბიუჯეტი შეივსებოდა, ადამიანები ნაკლებს მოწევდნენ და გადარჩებოდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფული, რომელიც ბიუჯეტში უნდა წასულიყო, ოქუაშვილის მტკიცებით, ერთ ბიზნესჯგუფს დარჩა.

სქემის მიხედვით, 2018 წლის ბოლოს თამბაქოს მწარმოებლებმა უკვე იცოდნენ, რომ უფილტრო სიგარეტის აქციზი ძვირდებოდა, იმ დროისთვის, ივანიშვილის ბრძანებით, ორი მსხვილი ქართული საწარმოდან ერთი „ოჯითი“ უკვე დახურული იყო. ბაზრის ერთადერთმა მსხვილმა მოთამაშემ, ვანო ჩხარტიშვილის „თბილისის თამბაქომ“ კი დიდი რაოდენობით აქციზური მარკები წინასწარ ძველი ფასით იყიდა. „ომეგა ჯგუფში" ამბობენ, რომ ამ სქემით ჩხარტიშვილმა ჯამში 60 მილიონი მიითვისა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ "კურიერისთვის" გამოგზავნილ წერილში წერია, რომ შემოსავლების სამსახურმა 2018 წლის ბოლოს, ანუ აქციზის გაძვირებამდე რამდენიმე კვირით ადრე 108,431,000 მილიონის აქციზური მარკა გასცა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, რადგან ერთი წლით ადრე - 73 მილიონი. აქციზური მარკების უდიდი ნაწილი ვანო ჩხარტიშვილის „თბილისის თამბაქოს“ შეხვდა, რადგან ბაზრის სხვა მოთამაშეებს 108-დან მხოლოდ 1 მილიონის აქციზი დასჭირდათ.

რეკორდული რაოდენობის აქციზური მარკების მიღების შემდეგ „თბილისის თამბაქომ“ უკვე დოკუმენტების სავარაუდო გაყალბება დაიწყო. ვანო ჩხრარტიშვილის ქარხანამ აჩვენა, რომ წინა წელთან შედარებით, რეკორდულად დიდი რაოდენობით სიგარეტი სადისტრიბუციო კომპანიებს მიყიდა. თუ აქციზის გაძვირებამდე ერთ დღეს "თბილისის თამბაქომ" ერთი მილიონი ღერი სიგარეტი გაყიდა, 29 დეკემბერს ეს ციფრო 377 მილიონ ღერამდე ავიდა. არსებობს ეჭვი, რომ ამდენი სიგარეტი რეალურად არ გაყიდულა, უბრალოდ, რეალიზაცია ფურცელზე აჩვენეს. იაფად ნაყიდ აქციზებს კი კომპანია 2019 წელსაც იყენებდა.

ვანო ჩხარტიშვილის „თბილისის თამბაქოს“ დირექტორის პოსტს რეკორდული რაოდენობის აქციზური მარკების მიღებისას, ზვიად მუკბანიანი იკავებდა. სატელეფონო ინტერვიუში მუკბანიანმა განაცხადა, რომ ის პროცესებში ჩართული არ იყო.

ექსპერტები, ვინც ბაზარს კარგად იცნობს ამბობენ, რომ ხელისუფლება თამბაქოს ორი საწარმოდან ერთს ებრძვის და სანაცვლოდ, მეორეს სასათბურე პირობებს უქმნის, თან ისეთს, რომ მილიონები იშოვოს.

ჩნდება კითხვა, რა ინტერესი აქვს ბიძინა ივანიშვილს, ლობირებდეს  ჩხარტიშვილს და ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის წაღების საშუალებას აძლევდეს. „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ჩხარტიშვილი ფულის გამტარია და თაღლითური გზით კომპანიაზე მითვისებული თანხის დიდი ნაწილი ისევ ივანიშვილს რჩება. ზაზა ოქუაშვლის მტკიცებით, მიღებული 60 მილიონიდან, დაახლოებით, 17% ვანო ჩხარტიშვილს რჩება, დანარჩენი ფული კი საქართველოს მთავრობის და პარტია „ქართული ოცნების“ შავ სალაროში მიდის.

ვანო ჩხარტიშვილს „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ხმაურიანი ბრალდებების შესახებ „კურიერმა“ ინფორმაცია მიაწოდა. საკითხზე, როგორ მოახერხა „თბილისის თამბაქომ“ გაძვირებამდე რეკორდული რაოდენობის აქციზების მიღება, რითაც ოქუაშვილის ინფორმაციით, ბიუჯეტს 60 მილიონი დაუმალა, ჩხარტიშვილის წერილობითი პასუხი ასეთია:

„დაზუსტებით გეუბნებით, რომ „თბილისის თამბაქოს“ ბიუჯეტის მიმართ შარშან არანაირი დავალიანება არ ჰქონია და დეკემბერში გამოტანილი 18 მილიონი ლარის აქციზის ღირებულება დროულად და სრულად დაიფარა“. ჩხარტიშვილის განცხადებით, ოქუაშვილი ამ ბრალდებებით ცდილობს, იმ ფაქტის გადაფარვას, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტის 50 მილიონზე მეტი ლარის აღიარებული დავალიანება აქვს.

 

დღის ამბები