ანტისაოკუპაციო აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდება. აქციის მონაწილეები დღესაც ტრადიციულად 19:00 საათზე შეიკრიბებიან. ხვალიდან კი პარლამენტთან სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება, მათ შორის 17 ივლისს, გაიმართება წიგნის ფესტივალი, სადაც შესაძლებელი იქნება წიგნების როგორც შეძენა, ასევე, გაცვლა.
ორგანიზატორები ეპატიჟებიან როგორც გამომცემლებს, ასევე, ბუკინისტებს. 19 ივლისს კი ერთგვარი პრეფართი გაიმართება. იქნება ელექტრონული მუსიკის სცენა, სადაც აქციის მონაწილეები მშობლებთან ერთად მივლენ.
შაბათს, 20 ივლისს, აქციების დაწყებიდან ერთი თვე გადის. ამ თარიღთან დაკავშირებით კი ორგანიზატორები გრანდიოზულ ღონისძიებას გეგმავენ, თუმცა კონკრეტული დეტალების შესახებ ჯერ არ საუბრობენ.
„კონკრეტული გეგმა არის ისევ 7 საათზე აქ შეკრება. თუკი დღის განმავლობაში, ვინმე სადმე წავა და რამე ოფიციალურ ღონისძიების გამართვას დააპირებს სხვა თემაზე, თითქოს რამე თემა უნდა იყოს მათთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე აქ ხდება. ჩვენი პარტიზანი დესანტები იქაც მივლენ და შეახსენებენ ყველას, რომ აქ არის პასუხი გასაცემი. აქ ვიდგებით ბოლომდე და ბოლომდე შეგახსენებთ ამას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხისმგებელია მოქალაქეების დათხრილ თვალებზე და უნდა გადადგეს,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიხეილ მშვილდაძემ.