მოლდოვის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში - ნიკუ პოპესკუ ევროპელ კოლეგებს და ევროკომისრებს ფედერიკა მოგერინის და იოჰანესს ჰანს შეხვდა. შეხვედრაზე ევროკავშირმა მოლდოვას პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვა. ბრიუსელში იმედოვნებენ რომ, მოლდოვის ახალი მმართველი გუნდი დემოკრატიულ რეფორმებს წარმატებულად გაატარებს.
ნიკუ პოპესკუმ „კურიერთან“ მოლდოვა-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა. მოლდოვის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე, ყურადღება ქვეყანაში დეოლიგარქიზაციის ხერხებზეც გაამახვილა.
„რეცეპტი, ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის და მოსამართლეების, ასევე დამოუკიდებელი გენერალური პროკურორის არსებობაა, რომლებიც არ არიან პოლიტიკური გავლენების ობიექტები. რეცეპტია ასევე ბრძოლა კორუფციასთან ყველა დონეზე, განსაკუთრებით კი მაღალი დონის კორუფციასთან. საქართველო და უკრაინა მოლდოვის ახლო პარტნიორები არიან. ჩვენ არაერთი ისტორიული პრობლემა გვაკავშირებს, გვაქვს თანამშრომლობის სფეროები. ჩვენზეა დამოკიდებული იმის უზრუნველყოფა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისათვის წარმატებული იქნება,“- განაცხადა პოპესკუმ.