25 აპრილი 2024,   16:44
ვრცლად
შს მინისტრი მერამდენედ უკვე უტიფრად იტყუება - გრიგოლ ვაშაძე

„ათასობით მოწმე არის იმის, რომ საქართველოს კანონმდებლობა დაირღვა უხეშად და არავის არავინ გაუფრთხილებია და განზრახვაც კი არ ჰქონიათ არავის გაფრთხილებაზე,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია” ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

გრიგოლ ვაშაძე შს მინისტრის მოადგილის, Ipn-ისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლასთან დაკავშირებით მოქალაქეები საქმის კურსში არ ჩააყენეს. საბანაძის ეს განცხადება კი წინააღმდეგობაში მოდის შს მინისტრის სატელევიზიო ინტერვიუსთან, სადაც გახარიამ თქვა, რომ მომიტინგეები 4-ჯერ გააფრთხილეს.

„შს მინისტრი მერამდენედ უკვე უტიფრად იტყუება, რასაც მისივე მოადგილის განცხადება ამტკიცებს და ერთი რამ უნდა შეიგნოს ამ ხელისუფლებამ, რომ 20-21 ივნისის ტრაგედია და ის ბავშვები, ვინც ჯანმრთელობა დაკარგა ამ პროტესტის დროს, არის წყალგამყოფი. "ძველებურად პოლიტიკით დაკავება" უკვე აღარ გამოვა, ეს ქვეყანა, ეს სახელმწიფო 20-21 ივნისს რადიკალურად შეიცვალა.

„საქართველოს მოქალაქე გახარიას ამ პოსტზე ყოფნას არასოდეს არ შეურიგდება და ეს დროის საკითხია, რაც მალე მოხდება მისი პოლიტიკური, მორალური პასუხისმგებლობის ატვირთვა, მით უკეთესი იქნება. გახარია შს მინისტრი უკვე აღარ არის, მიუხედავად იმისა, რომელ კაბინეტში შედის დილაობით,“ - განაცხადა ვაშაძემ.

20 ივნისს პარლამენტის წინ აქცია რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტში სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ და ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვდნენ. გვიან ღამით კი სამართალდამცაველებმა მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, მათ შორის სტაფილოსფერი და ასევე, წყლის ჭავლი გამოიყენა. შს მინისტრმა აღნიშნა, რომ მომიტინგეების დასაშლელად ძალის გამოყენება პარლამენტის შტურმით აღების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა.

დღის ამბები