25 აპრილი 2024,   20:47
ვრცლად
ადამიანების დაღუპვა სამუშაო ადგილებზე იქცა რუტინად და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას - ირაკლი კუპრაძე

ტრაგედიები და ადამიანების დაღუპვა სამუშაო ადგილებზე იქცა რუტინად ქართული საზოგადოებისთვის, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა დღეს ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას - არასამთავრობო სექტორი დოლაბაურის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას აფასებს.

თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა, არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი იყო. მოზარდმა ობიექტზე მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს.

მესამე სექტორის განცხადებით, მძიმე სამუშაო პირობებში უსაფრთხოების ნორმების დაცვა არ ხდება, რის შედეგადაც ადამიანები ზარალდებიან. გამოსავალი კი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების რეალური დაცვაა.

„უმძიმესი ფაქტია, რომ არასრულწლოვანია დაღუპული ადამიანი, რომელიც დასაქმებული იყო თავის დროზე. არ არის არანაირად გაკონტროლებული, მშობლის ნებართვით ხდებოდა თუ არა მისი ამ მძიმე სამუშაოზე, სახიფათო სამუშაოზე ყოფნა. პარალელურად, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს არ განუხორციელებია არანაირი ინსპექტირება. ერთადერთი გამოსავალი არის მონიტორინგის გაძლიერება, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების რეალური დაცვა. აუცილებლად უნდა არსებობდეს ისეთი კონტროლის მექანიზმი და აღსრულების მექანზმი, რომელზეც ჩვენ თავის დროზე ვსაუბრობდით“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მომხდარის შესახებ სამშენებლო ობიექტის წარმომადგენლები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ჯანდაცვის სამინიტრომ დოლაბაურის ქუჩაზე სამშენებლო პროცესი შეაჩერა.

ამავე თემაზე
დღის ამბები