16 აპრილი 2024,   10:13
ვრცლად
„თბილისის თამბაქოს“ განცხადება - ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი მსხვილ საერთაშორისო იმპორტიორებს უპირისპირდება 

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი მსხვილ საერთაშორისო იმპორტიორებს უპირისპირდება. კომპანია „თბილისის თამბაქო“ "შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟის  შემდეგ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ კომპანიის ჩაძირვა მიზანმიმართულად ხდება. 

„შაბათის კურიერში“ მომზადებულ რეპორტაჟში საუბარია, რომ კომპანია „თბილისის თამბაქომ“კონკრეტულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, დიდი რაოდენობით აქციზური მარკები წინასწარ, ძველი ფასით იყიდა, იქამდე, ვიდრე მისი გაძვირება მოხდებოდა. სწორედ აქედან გაჩნდა ეჭვი, რომ „თბილისის თამბაქოს“ შესაძლებლობა მიეცა, ათეულობით მილიონი ლარი, უკვე გაძვირებული აქციზის ფასი სახელმწიფო ბიუჯეტში არ შეეტანა.

"თბილისის თამბაქოს" სახელით გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მსხვილი საერთაშორისო იმპორტიორები არიან გაკრიტიკებული, ადრესატებმა განცხადების მიღმა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი დაინახეს.  

წერილში, რომელსაც „თბილისის თამბაქო“ ავრცელებს, ბრალდების მთავარი ადრესატები თამბაქოს საერთაშორისო იმპორტიორები არიან. განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო იმპორტიორები უფილტრო სიგარეტს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდიან და ამით ადგილობრივ წარმოებას ანადგურებენ.

ბრალდების ადრესატი რამდენიმე კომპანია განცხადებაში მოყვანილ გარკვეულ სიცრუეზე საუბრობს. მათი თქმით, ერთ-ერთი არის ის, რომ, თითქოს, ისინი უფილტრო სიგარეტის იმპორტიორები არიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, დემპინგს, რომლის შესახებაც განცხადებაშია საუბარი, საერთაშორისო იმპორტიორები ამბობენ, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ქვეყანაში დემპინგური ფასები არ არსებობს.

„აბსოლუტური სიცრუეა, სიმართლეს არ შეესაბამება და უფრო მეტიც, ის ნარატივი, რაც არის გავრცელებული, იგივე დემპინგთან დაკავშირებით და იგივე ბრალდებები, რაზეც სასამართლოს სამგზის ინსტანციას აქვს ნათქვამი, რომ არანაირი დემპინგი ჩვენი მხრიდან არ განხორციელებულა და ცალსახა გადაწყვეტილება არსებობს, როგორც პირველი, მეორე, ასევე მესამე ინსტანციის. ან თუნდაც უფილტროსთან დაკავშირებით, საერთოდ უფილტრო სიგარეტი არ გაგვაჩნია ჩვენს პორთფოლიოში და ვერ ვიქნებით თბილისის თამბაქოს კონკურენტები,“ - განაცხადა „ბრითიშ ამერიკან ტობაკო-ს" კორპორატიულმა დირექტორმა, ზვიად ცხვიტარიძემ.

ჯაპან ტობაკო ინტერნეიშენალის” კომუნიკაციების სპეციალისტისთვის, ივა ხასიასთვისაც გაუგებარია, რატომ გაკეთდა მსგავსი შინაარსის განცხადება.

„ცოტა გაუგებარია, რასთან დაკავშირებით ხდება ასეთი განცხადების გაკეთება იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ჯერ კიდევ კონკურენციის სააგენტომ ჩაატარა რაღაც პერიოდის წინ კვლევა თამბაქოს ბაზრის საქართველოში, სადაც ცალსახად დაიდო, საჯაროა, რომ საქართველოს ბაზარზე არავითარი ანტიდემპინგი და კანონდარღვევები არ არის და პირიქით, ბაზარს ახასიათებს კონკურენტული გარემო. განცხადებაში პირდაპირ აქცენტია, თურმე საერთაშორისო კომპანიებს რაღაც შეღავათები აქვთ დაწესებული, თუმცა ასეთი რაღაც არ ყოფილა და ფაქტი სახეზეა და შემოსავლებიდანაც შეგიძლიათ გამოითხოვოთ აქციზური მარკების შესახებ ინფორმაცია. ის გადაწყვეტილება, რაც დეკემბერში იქნა მიღებული, პირდაპირ და ყველაზე მეტად დააწვა საერთაშორისო იმპორტიორებს იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ჩვენ გაგვიძვირდა ამ შემთხვევაში და ამის შესახებ არავინ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა, არც ერთ ეტაპზე, სამწუხაროდ,“ - განაცხადა ივა ხასიამ.

 

დღის ამბები