20 აპრილი 2024,   02:01
ვრცლად
ცათამბჯენების კედელი ბათუმში - შავი ზღვის სანაპირო ზოლი ივანიშვილის კიდევ ერთ პროექტს ეწირება

შავი ზღვის სანაპირო ზოლი ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ პროექტს ეწირება. ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, იქ, სადაც საკრუიზო პორტი უნდა აშენებულიყო, ძველ ქალაქსა და სანაპირო ზოლს ცათამბჯენების კედელი გაყოფს.

ქალაქში გემით ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს სანაპიროზე ახალი ხუთი ცათამბჯენი დახვდებათ. ანბანის კოშკსა და ბათუმის პორტს შორის მდებარე ტერიტორიაზე 3 საცხოვრებელი კორპუსი, ორი სასტუმრო აშენდება, თითო, დაახლოებით, 40 სართულიანი.

კომპანია „სილქ როუდ ჯგუფს“, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს, მართვაში 20 წლით გადაეცემა ბათუმის იახტკლუბიც. ბათუმში ახალი ბეტონის ცათამბჯენების უკან ბიძინა ივანიშვილის დგას, სწორედ მისი თანაინვესტირების ფონდი დააფინანსებს 5 გიგანტური კორპუსის აშენებაზე რივიერაზე.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია ბათუმში ახალი ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებენ. საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხის განხილვას დიდი ხმაური მოჰყვა.

ბათუმის ძველ ისტორიულ უბანში, სადაც ზღვასა და ქალაქს შორის კედელი უნდა აღიმართოს, ძველი პროექტის მიხედვით, საკრუიზო პორტი უნდა აშენებულიყო, იქვე - ტრამპ თაუერი.

პროექტი ოთხ ფაზად განხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 3 მილიარდი ლარი იქნება. დაუმტკიცებს თუ არა „სილქ როუდ ჯგუფს“ ბათუმის თვითმმართველობა ბათუმი რივიერას პროექტს, ჯერ უცნობია, თუმცა, ბათუმელები პროექტის წინააღმდეგ მასშტაბურ საპროტესტო ტალღას აანონსებენ.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები