25 აპრილი 2024,   19:54
ვრცლად
„დავინახეთ მარიამი, რომელიც შუა ეპიცენტრში იდგა, წავედით მის დასახმარებლად და მომხვდა ტყვია" - "რუსთავი 2-ის" თანამშრომელი 20 ივნისის ღამეს იხსენებს

"რუსთავი 2-ის" დაცვის თანამშრომელი გიორგი სულაშვილი 20 ივნისის ღამეს იხსენებს. გადაცემა "არჩევანში" მან დეტალურად ისაუბრა თუ რა ვითარებაში მოხდა მისი მისამართით გასროლა. გიორგი სულაშვილის განცხადებით, ის აქციაზე დაგვიანებით მივიდა და "რუსთავი 2-ის" თანამშრომლებთან ერთად იდგა, რომლებიც მათ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. მას შემდეგ, რაც სროლა დაიწყო აქციის მონაწილეების მისამართით, ის დაცვის სხვა თანამშრომლებთან ერთად შეეცადა, ეპიცენტრიდან „კურიერის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი გამოეყვანა. სწორედ ამ დროს გაისროლეთ მისი მისამართით.

„დავინახეთ მარიამი, რომელიც შუა ეპიცენტრში იდგა და ყოველ წამს შეიძლებოდა, მარიამს  მოხვედროდა ის, რაც მე მომხვდა. მთელი კოლექტივი წავედით მარიამის დასახმარებლად და მარიამს რომ მივუახლოვდით, აგონიაში იყო, არ ესმოდა არაფერი, ვეძახდით. როდესაც თავი გამოვწიე, რომ უნდა დამეძახა, მარიამ, ჩამოდი, მაგ მომენტში მომხვდა ტყვია. მტკივნეული იყო. იმ მომენტში ძალიან დიდი ტკივილი მქონდა. ვეღარაფერს ვხედავდი. შევძელი გამოვბრუნებულიყავი. გონება არ დამიკარგავს. ნახევარი გზა გავიარე და შემდეგ ჩვენი თანამშრომლები დამეხმარნენ და ჩამსვეს სასწრაფოს მანქანაში. სასწრაფოს ექიმი დაიბნა, არ ელოდებოდა ამ სურათს," - განაცხადა გიორგი სულაშვილმა. 

გიორგი სულაშვილის თქმით, ოპერაცია 8 საათის ჰანმავლობაში გაგრძელდა. მან დაკარგა თვალი და ამასთან ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები. მისივე თქმით, საქართველოში ოპერაციის შემდეგ ის ჯანდაცვის სამინისტრომ გერმანიაში გაუშვეს სამედიცინო დახმარების გასაწევად.

„მითხრეს, რომ თავის ქალიდან უნდა აიღონ ის ძვლის ფრაგმენტი, რომ სამომავლოდ პროტეზირების დროს რაღაც საფუძველი ჰქონდეთ, რაზეც შეიძლება, რომ ის თვალი მიამაგრონ და გააჩერონ. იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ქვედა ძვალი აღარ მაქვს,“ - განაცხადა გიორგი სულაშვილმა.

მან გადაცემა "არჩევანიდან" მიმართა საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის. 

"გავძლიერდეთ, ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით ძლიერად და ვერაფერი მოგვერევა. იყოს ეს ჩემი და მაკა გომურის და სხვა დაზარალებულების ბოლო მსხვერპლი. აღარ ყოფილიყოს სხვა დაზარალებულები საქართველოში. მინდა ქართველი ხალხი გავამხნევო. მათი გვერდში დგომა მე მაძლიერებს,“ - განაცხადა გიორგი სულაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები