20 აპრილი 2024,   00:41
ვრცლად
ივანიშვილთან მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვითანამშრომლებ თუ საქართველოს მარსიანელები შემოესევიან - გიგი უგულავა

პრემიერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციურ მთავრობაში შევა „ნაციონალურ მოძრაობის“ გარდა, „არჩევანის“ ეთერში ეხმაურებიან.

ნინო ჯანგირაშვილის თქმით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ წყალგამყოფი იქნება პროდასავლური და პრორუსული ძალები.

გიორგი გუგავა ამბობს, რომ „ლეიბორისტული პარტია“ მმართველ გუნდთან კოალიციაში არ შევა.

„მე რომ მკითხოთ, ინაშვილი პირველი პარტიაა და „ოცნება“ მეორადი პარტიაა ივანიშვილისთვის,“ - განაცხადა გუგავა.

არმაზ ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ „ოცნებას“ კოალიცია არ ეყოლება.

„დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციაში მონაწილეობას „ოცნება“ ვერ მიიღებს, მის გარეშე შედგება კოალიცია,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

ივანიშვილის პარტიის მიერ კოალიციის შექმნაზე საუბრობს „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი. მისი თქმით, პარტიასთან, რომელმაც ქვეყანა რუსეთთან ურთიერთობაში ჩიხში შეიყვანა, კოალიციაში ვერ შევა.

გუბაზ სანიკიძემ პრემიერის განცხადების შეფასების დროს მამუკა ბახტაძეს შეახსენა, რომ მას „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხა აქვს გადარიცხული. სანიკიძე „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას გამორიცხავს.

"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა ხუმრობით ამბობს, რომ ივანიშვილთან მხოლოდ იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს, თუ მარსიანელებთან ბრძოლა გახდება საჭირო.

"ივანიშვილთან, როგორც პარტნიორთან, "ქართულ ოცნებასთან" მხოლოდ და მხოლოდ, ერთ შემთხვევაში ვითანამშრომლებ, თუ საქართველოს მარსიანელები შემოესევიან და კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს," - განაცხადა უგულავამ.

„არჩევანის“ სტუდიაში შეკრებილების უმრავლესობისთვის მიუღებელია მოსაზრება, რომ ახლა შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ხოლო პროპორციული არჩევნები ჩატარდეს 2021 წელს.

დავით უსუფაშვილი კი ამბობს, რომ სხვა ინფორმაცია აქვს. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ხელისუფლებაში განიხილავენ ვერსიას, რომ ქვეყნის პრემიერი ხდება ბიძინა ივანიშვილი, მთავრობა ხდება ტექნიკური, ივანიშვილი კი აცხადებს, რომ მან თავის როლი შეასრულა და პროპორციული არჩევნები 2020 წელს იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები