დონალდ ტრამპის ქალი კონგრესმენების მიმართ რასისტული დამოკიდებულება აშშ-ს კონგრესმა დაგმო. რეზოლუციაში, რომელიც სიმბოლური ხასიათისაა, ნათქვამია, რომ ქვეყნის პრეზიდენტის რასისტული კომენტარები ამერიკის მოსახლეობაში სიძულვილს და შიშს აღვივებს. რეზოლუციას 240-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მათ შორის ოთხი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია, ერთი კი დამოუკიდებელი კონგრესმენია.
დონალდ ტრამპის მიმართ ბრალდებები რასიზმსა და ქსენოფობიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მან კონგრესის წევრებს მოუწოდა ქვეყანა დაეტოვებინათ. ბრალდებებს ქვეყნის პრეზიდენტი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მასში არაფერია რასისტული.