25 აპრილი 2024,   18:38
ვრცლად
10 წელი აგვისტოს ომიდან და დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში - არასამთავრობოები ხელისუფლებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ 

10 წელი აგვისტოს ომიდან და დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ წუთებში მსჯელობენ, რა გამოწვევები არსებობს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების საქმეში.

სპეციალური ანგარიში ხუთმა ორგანიზაციამ მოამზადა, რომლის მთავარი ნაწილი რეკომენდაციებია. სამოქალაქო სექტორი საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„ხელისუფლებას მართებს მეტი აქტიურობა და მობილიზება იმისთვის, რომ სახელმწიფო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ამ მნიშვნელოვან პროცესში და შევძლოთ იმ სიმართლის დამტკიცება რაც იყო 2008 წელს,“-ამბობს სულხან სალაძე.

მისი თქმით, დევნილებს აქვთ წარმოდგენა, რომ ჰააგის სასამართლოში გამოძიების დასრულების შემდეგ ისინი, ოკუპირებულ რეგიონებში საცხოვრებლად დაბრუნდებიან, რაც არასწორია. სალაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას დევნილი მოსახლეობის შესაბამისი ინფორმირება მართებს.

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ომის მსხვერპლი ათასობით ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაშია, შეინიშნება იმედგაცრუების მომენტი, რადგან ათ წელზე მეტია გასული და მდგომარეობა არ შეცვლილა.

„ის რომ არ არსებობს გამოძიება, არანაირი კონკრეტული შედეგი დღემდე არ არის დამდგარი, საერთაშორისო დანაშაულებების გამო, რომელსაც ჰქონდა ადგილი ეს რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს მსხვერპლთა განწყობაზე,“-აცხადებს ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, დევნილთა მდგომარეობა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება. ლომჯარიას აზრით, ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე ამსაკითხის აქტიურად წამოწევა მართებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი კი ამბობს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ არ მოხდეს გამოძიების ბოლომდე დასრულება. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ განსასჯელის სკამზე დასხდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების ეთნოწმენდა მოახდინეს.

დღის ამბები