20 აპრილი 2024,   17:12
ვრცლად
20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 3 პირი დააკავეს - შსს

20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავეს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მამუკა ჭელიძის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში.

შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ისინი სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

"1974 წელს დაბადებული ც.ც., რომელიც თავს დაესხა სამართალდამცველებს, კერძოდ აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

"1994 წელს დაბადებული ს.ბ., რომელმაც სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

"1989 წელს დაბადებული ლ. ჯ., რომელიც სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში," - განაცხადეს შსს-ში. 

ძალოვანი უწყების ინფორმაციით, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.

მამუკა ჭელიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესს ინტენსიურად აგრძელებს. შსს-ში აცხადებენ, რომ მტკიცებულებების მოპოვებისთანავე გაგრძელდება ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. 

 

დღის ამბები