18 აპრილი 2024,   06:45
ვრცლად
"ივანიშვილი არის კოლაბორაციონისტი, პუტინის მიერ დასმული" - არასაპარლამენტო ოპოზიცია "ოცნების" ლიდერთან თანამშრომლობას არ აპირებს 

არასაპარლამენტო ოპოზიცია ივანიშვილთან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს. მათ შორის არის „ლეიბორისტული პარტია“. გიორგი გუგავას განცხადებით, ივანიშვილის ერთადერთი მიზანია რომ საქართველო რუსეთმა წაიღოს.

„ივანიშვილი არის კოლაბორაციონისტი, ის არის პუტინის მიერ უშუალოდ აქ დასმული რათა განახორციელოს  თავისი მავნე გეგმები იმის შესახებ, რომ საქართველოს კვლავ დააბრუნოს რუსეთის წიაღში. აქედან გამომდინარე მასთან თანამშრომლობა, მასთან კოალიცია არის სამშობლოს ღალატის ტოლფასი ქმედება. ის უნდა დამთავრდეს. ის ფსიქოლოგიურად, მორალურად დამთავრებულია ხალხში, საზოგადოებაში და ეს უნდა გაფორმდეს არჩევნებით,“-განაცხადა გიორგი გუგავამ.

ივანიშვილთან თანამშრომლობას არ გეგმავენ არც "თავისუფალი დემოკრატები”. პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშიას განცხადებით, ივანიშვილმა უბრალოდ ვერ თქვა, რომ კოალიციას „პატრიოტთა ალიანსთან" და სხვა პრორუს ძალებთან აპირებს. 

„ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ამ ეტაპისათვის ღიად ვერ ამბობენ, რომ ისინი ითანამშრომლებენ ინაშვილის პარტიასთან, პრორუსულ ძალებთან და ამ ყველაში ბუნებრივია გულისხმობს და იგულისხმება და სახელობით არ არის ამ შემთხვევაში დასახელებული მაგრამ იგულისხმება  პრორუსული ძალები. ლუსტრირება მოხდა. "ქართული ოცნება" არის დეკლარირებულად და სიტყვით ვითომ პროდასავლური ძალა, საქმით პრორუსული ძალა და მისი მოკავშირეები ზუსტად 2020 წლის არჩევნებისათვის იქნებიან პრორუსული ძალები რომლებიც  პუტინს მადლობას უხდიან, ეახლებიან ყოველდღე,“-განაცხადა ლევან სამუშიამ.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით პროპორციული არჩევნების შემთხვევაში ერთ კონკრეტულ პარტიას გამარჯვების მოპოვება გაუჭირდება ამიტომ მან კოალიციის შექმნის ალბათობა არ გამორიცხა. მისივე თქმით ის ითანამშრომლებს ყველასთან გარდა ნაციონალური მოძრაობისა.

ამავე თემაზე
დღის ამბები